ას-852-903-2011 07 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – გ., დ. და ლ. ხ-ძეები
მოწინააღმდეგე მხარე – შპს «... არბიტრაჟი», ი. კ-ოვა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 04 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ შპს «... არბიტრაჟის» 2009 წლის 07 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს «... არბიტრაჟის» 2009 წლის 07 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით: მოპასუხეები ლ., გ. და დ. ხ-ძეები თანახმა არიან 2009 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით გადაიხადონ სესხის თანხა 74230 აშშ დოლარის ოდენობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნილი იქნება სააღსრულებო ფურცელი და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ.¹18-ში, საჯარო რეესტრში აღირიცხება იპოთეკარის ი. კ-ოვას სახელზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს ლ., გ. და დვით ხ-ძეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით გ., დ. და ლ. ხ-ძეების საჩივარი შპს «... არბიტრაჟის» 2009 წლის 07 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ., დ. და ლ. ხ-ძეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ., დ. და ლ. ხ-ძეების კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
მოცემულ შემთხვევაში გ., დ. და ლ. ხ-ძეები კერძო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორების საჩივარი შპს «... არბიტრაჟის» 2009 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ., დ. და ლ. ხ-ძეების კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონი გასაჩივრებულ განჩინებაზე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მითითებული კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612, 35613, 396.3, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ., დ. და ლ. ხ-ძეების კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.