საქმე ¹ას-85-80-2010 1 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრიასაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ. ჯ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. გ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ჯ-იას მიმართ არასრულწლოვანი მ. ჯ-იას სასარგებლოდ ალიმენტის _ თვეში 200 ლარის დაკისრების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მხარეებს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ შვილი _ 1995 წელს დაბადებული მ. ჯ-ია, რომლის აღზრდაში მოპასუხე არანაირ მონაწილეობას არ იღებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. ჯ-იას თ. გ-ძის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ 1995 წელს დაბადებული მ. ჯ-იას რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით 2009 წლის 23 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შ. ჯ-იამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა, ამასთან, მოპასუხეს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის შეტანა.
შ. ჯ-იამ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მის კმაყოფაზე იმყოფებიან სხვა არასრულწლოვანი შვილი და ავადმყოფი დედა, რის გამოც სარჩელში მითითებული თანხის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. ჯ-იას თ. გ-ძის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ 1995 წელს დაბადებული მ. ჯ-იას რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის _ ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა 2009 წლის 23 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, რაზეც შ. ჯ-იამ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის განჩინებით შ. ჯ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი შ. ჯ-იას ჩაბარდა 2009 წლის 15 სექტემბერს და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის განკუთვნილ 14-დღიან ვადაში იგი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. 2009 წლის 30 სექტემბერს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა ძალაში. პალატის მითითებით, 2009 წლის 18 ნოემბერს თ.გ-ძის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე ამავე წლის 20 ნოემბერს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 63-ე მუხლით და მიიჩნია, რომ შ.ჯ-იას სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ. ჯ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი გაიგზავნა ქ.თბილისში, ... მე-10 კორპუსის ¹64 ბინაში, სადაც შ.ჯ-ია ცხოვრობდა 2009 წლის სექტემბრამდე და ჩაბარდა მის ბიძაშვილ ხ. რ-ძეს, რომელმაც სასამართლო გზავნილი მხარეს 2010 წლის 18 იანვარს გადასცა და არც მისი მიღების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორს მანამდე არ აცნობა. აღნიშნული გარემოება დასტურდება ხ.რ-ძის განცხადებით. შ.ჯ-იამ საქალაქო სასამართლოში სადავო გადაწყვეტილება ჩაიბარა 2009 წლის 15 დეკემბერს და მისი გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ჯ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გასვლის შემდეგ შეტანილი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი შ. ჯ-იასათვის გადასაცემად 2009 წლის 15 სექტემბერს ჩაბარდა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე მცხოვრებ სრულწლოვან პირს _ ხ. რ-ძეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. დასახელებული კანონის დანაწესი ადგენს მხარისათვის სასამართლო უწყებისა თუ გზავნილი ჩაბარების წესს მაშინ, როდესაც მხარე სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე უწყების ან გზავნილის მიტანის დროს არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გზავნილი მხარისათვის გადასაცემად ჩაბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს, რომელიც თავისი ხელმოწერით კისრულობს ვალდებულებას, დაუყოვნებლივ გადასცეს იგი ადრესატს, რაც სასამართლო უწყების ან გზავნილის მხარისათვის ჩაბარების ტოლფასია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ სადავო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების 2009 წლის 15 სექტემბერს შ.ჯ-იას მიერ მითითებულ მისამართზე ხ.რ-ძისათვის (შ.ჯ-იას ბიძაშვილისათვის) ჩაბარება თავად შ.ჯ-იასათვის მის ჩაბარებას უთანაბრდება და სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა აღნიშნული მომენტიდან მართებულად აითვალა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას შ.ჯ-იას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რადგან აღნიშნული სააპელაციო საჩივრით მხარემ სასამართლოს მიმართა 2009 წლის 29 დეკემბერს, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ იგი ხ.რ-ძესთან ერთად ცხოვრობდა მხოლოდ 2009 წლის სექტემბრის დასაწყისამდე, ხ.რ-ძის მიერ სასამართლო გზავნილის მიღების მომენტისათვის იქ აღარ იმყოფებოდა და ამ უკანასკნელს მისთვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემა 2010 წლის იანვრამდე დაავიწყდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოების დასამტკიცებლად ხ.რ-ძის განცხადება საკმარისი არ არის, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით, რომლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარეს სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაეგზავნება საქმეში არსებულ მისამართზე და იგი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და თავისი ახალი მისამართი სასამართლოსათვის არ უცნობებია.
განსახილველ შემთხვევაში შ.ჯ-იამ ზემოხსენებული კანონის დანაწესით მისთვის დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეასრულა და სასამართლოს თავისი ახალი მისამართი არ აცნობა, რის გამოც მას გზავნილი გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და ამ მისამართზე მყოფი სრულწლოვანი პირის მიერ მიღებით სასამართლო გზავნილი მხარისათვისაც ჩაბარებულად ჩაითვალა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. ჯ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.