Facebook Twitter

ას-859-808-2010 1 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-შვილის მიმართ სესხის _ 200 აშშ დოლარისა და სამკაულის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 200 აშშ დოლარი და გადასცა კუთვნილი ოქროს სამკაული, რომელიც მ.მ-შვილს უნდა დაებრუნებინა 2006 წლისათვის. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ როგორც თანხა, ასევე ძვირფასი ნივთები მოსარჩელეს დაუბრუნა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სარჩელი მ. მ-შვილის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის 140 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მ. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინებით მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 140 აშშ დოლარი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ 1000 ლარს არ აღემატება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. მ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მეორე ჯგუფის ინვალიდი. მან მოწინააღმდეგე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, ხოლო ძირითადი თანხის პროცენტის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილს დაეკისრა მოსარჩელისათვის 140 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ამდენად, მ.მ-შვილის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებაა სწორედ 140 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან მისი ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე _ 1000 ლარზე ნაკლებია.

ამდენად, მ.მ-შვილის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და მოცემული კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება