ას-863-812-2010 27 სექტემბერი, 2010 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ლ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ე., დ. და ა. ქ-შვილები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 05 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განჩინებით ქ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2010 წლის 4 აგვისტოს ქ. ლ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ვინაიდან შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 05 აგვისტოს განჩინებით ქ. ლ-შვილის განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ განცხადება შეტანილ იქნა ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად დაგვიანებით წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობაა.
ხსენებულ განჩინებაზე ქ. ლ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და აღნიშნა, რომ მან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ვერ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, ვერ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც მოგვიანებით გააკეთა, მაგრამ ვინაიდან საქმე ეხება იმ მძიმე შედეგს, რის გამოც მისი ოჯახი ქუჩაში რჩება, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მისი სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ქ. ლ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას პირდაპირ ითვალისწინებს კანონი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმის თანახმად, თუ მხარემ კანონით ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, მაშინ იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას. ამასთან, სასამართლო განუხილველად დატოვებს საჩივარს ან საბუთებს, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი საჩივრის (განცხადების, საბუთების) განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, ე.ი. ამ სახის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 05 აგვისტოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც მისი განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ იგი შეტანილ იქნა სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. როგორც ზემოთ აღინიშნა, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს, ამიტომ ქ. ლ-შვილის კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ლ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.