Facebook Twitter

ას-864-813-2010 20 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე. კ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ზ. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. უ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. უ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. კ-ძის მიმართ უძრავი ნივთის _ მიწის ნაკვეთისა და მშენებარე სახლის თანამესაკუთრედ ცნობის, ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ჩანაწერის შესრულების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს ე.კ-ძის პირად საკუთრებას, შესაბამისად, მეუღლეთა თანასაკუთრებად ვერ ჩაითვლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით კ.უ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში ე.კ-ძის სახელზე რიცხულ ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში მდებარე 400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის 1/2-ის მესაკუთრედ, რაც ე.კ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ე.კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. კ-ძის წარმომადგენელმა ზ. ბ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და ზ. ბ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა ე.კ-ძის წარმომადგენელს 2010 წლის 5 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ე.კ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ძის წარმომადგენელ ზ. ბ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში ე. კ-ძის წარმომადგენელ ზ. ბ-ძის კერძო საჩივარს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით დაუდგინდა რა ხარვეზი, მის ავტორს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ დანჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ე. კ-ძის წარმომადგენელ ზ.ბ-ძეს და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 5 ოქტომბერს (იხ.ტ.II, ს.ფ.47).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას სასამართლოს შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს და მითითებულთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 6 ოქტომბერს და, რადგანაც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა დასვენების დღეს _ კვირას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლს მეორე ნაწილის თანახმად, ამოიწურა 2010 წლის 11 ოქტომბერს _ შემდგომ პირველ სამუშაო დღეს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. კ-ძის წარმომადგენელ ზ.ბ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.