Facebook Twitter

ას-867-816-2010 29 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ს. რ.”

წარმომადგენელი – დ. ა-იანი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ა.”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 17 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს “ა.-მ” მოწინააღმდეგე მხარის _ შპს “ს. რ.-ს” მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გადახდის ბრძანების მიღება, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარისათვის მის სასარგებლოდ 17 103.80 ლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 1-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადახდის ბრძანების საფუძველზე შპს “ს. რ.-ს” შპს “ა.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა როგორც ძირითადი თანხის _ 11 166.76 ლარის, ასევე დარიცხული საურავის _ 5 937.04 ლარის გადახდა (ტომი I, ს.ფ. 49-51).

შპს “ს. რ.-ს” შესაგებლის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით ზემომითითებული გადახდის ბრძანება გააუქმა და დაადგინა შპს “ა.-ს” განცხადების საერთო სასარჩელო წესით განხილვა (ს.ფ. 61-63).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ა.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ს. რ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17 103.80 ლარის გადახდა (ტომი I, ს.ფ. 86-90).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი I, ს.ფ. 95-104).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2009 წლის 17 ივნისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს “ა.-ს” გამოუცხადებლობის გამო, რომლითაც გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ა.-ს” სარჩელი არ დააკმაყოფილა (ტომი II, ს.ფ. 31-35).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, შპს “ა.-ს” საჩივრის განხილვის შედეგად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი II, ს.ფ. 54-57).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა.-მ” (ტომი II, ს.ფ. 61-69).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით შპს “ა.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი II, ს.ფ. 93-99).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს “ს. რ.-ს” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შპს “ს. რ.-ს” სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2010 წლის 7 ივლისს, 11.00 საათზე, რის შესახებაც შპს “ს. რ.-ს” წარმომადგენელს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მიუხედავად ამისა, იგი დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარე შპს “ა.-მ” აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, არსებობს თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. უწინარესად სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მიწვეული იყო საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. მიწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ აპელანტისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა აპელანტის წარმომადგენელი, იმავდროულად, მას გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია, ხოლო აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ს. რ.-ს” სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 113-117).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს. რ.-მ” (წარმომადგენელი დ. ა-იანი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, 2010 წლის 3 ივლისს, გახდა ცუდად. ამის გამო ოჯახის წევრებმა იგი გადაიყვანეს შპს “ნ.-ს” კლინიკაში, სადაც პაციენტს დაუსვეს ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის, მწვავე ბრონხიტის დიაგნოზი. ექიმმა ავადმყოფს დაუნიშნა ექვსდღიანი წოლითი რეჟიმი, რასაც ადასტურებს სამკურნალო დაწესებულება შპს “ნ.-ს” 2010 წლის 9 ივლისის ¹739 ცნობა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას საშუალებას არ აძლევდა გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის სხდომაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას არც ის შეეძლო, რომ გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე სასამართლოსათვის ეცნობებინა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით (რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში განაპირობებს სარჩელის (სააპელაციო საჩივარი) განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას (ტომი II, ს.ფ. 121).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს. რ.-ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში შპს “ს. რ.-ს” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში სრულიად ასაბუთებს შპს “ს. რ.-ს” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას.

წარმოდგენილი კერძო საჩივრით შპს “ს. რ.-” სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის შპს “ნ.-ს” 2010 წლის 9 ივლისის ¹739 ცნობა. დასახელებული ცნობით ირკვევა, რომ 2010 წლის 3 ივლისიდან 2010 წლის 9 ივლისამდე დროის მონაკვეთში შპს “ს. რ.-ს” წარმომადგენელი დ. ა-იანი, რომელიც მოცემულ საქმეზე ახორციელებდა და ამჟამადაც ახორციელებს შპს “ს. რ.-ს” წარმომადგენლობას, გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას დიაგნოზით: ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია, მწვავე ბრონქიტი (ტომი II, ს.ფ. 122).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მითითებული 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება _ შპს “ნ.-ს” 2010 წლის 9 ივლისის ¹739 ცნობა, არ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობას, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. ამდენად, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი ავადმყოფობის ცნობის წარდგენას მხოლოდ მაშინ მიიჩნევს საქმის განხილვის გადადების საფუძვლად, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. შპს “ნ.-ს” მიერ გაცემულ ავადმყოფობის ცნობაში სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ არის, ამასთან, ასეთი დასკვნის საფუძველს არც ცნობაში ასახული დიაგნოზი იძლევა. გარდა ამისა, ცნობას ხელს არ აწერს სამედიციო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ აპელანტის წარმომადგენელს ავადმყოფობის შესახებ თავის დროზე, ანუ სხდომამდე არ უცნობებია სასამართლოსათვის, რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა სსსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით და შეეძლო კიდეც აღნიშნულის გაკეთება, ვინაიდან იგი ამბულატორიულ მკურნალობაზე იმყოფებოდა 2010 წლის 3 ივლისიდან, სააპელაციო სასამართლოს სხდომა კი დანიშნული იყო ამავე წლის 7 ივლისს. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული მოტივი მხარისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, არ ექვემდებარება გაზიარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “ს. რ.-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.