¹ას-86-81-2010 25 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ინდ.მეწარმე ,,მ. მ-შვილი”
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჯ. გ. ე. მ. ვ. კ.”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ. გ. ე. მ. ვ. კ.” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ინდ.მეწარმე „მ. მ-შვილს“ შპს ,,ჯ. გ. ე. მ. ვ. კ.” სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისრა 36 688 ლარი და 78 თეთრი. ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით დავალიანების 36 688 ლარის და 78 თეთრის 0,07% გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარჩელის აღძვრის მომენტიდან ძირითადი დავალიანების დაფარვამდე. ინდ.მეწარმე „მ. მ-შვილის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ინდ.მეწარმე „მ. მ-შვილმა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდა მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას და სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას.
პალატის მითითებით, ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ნ. გ-ძეს ჩაბარდა პირადად, 2009 წლის 24 დეკემბერს.
პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, საიდანაც დასტურდება, რომ 2009 წლის 22 დეკემბერს აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება არ ჩაიბარა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ ჩათვალა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ინდ.მეწარმე „მ. მ-შვილს“ ჩაბარდა 2009 წლის 22 დეკემბერს (როცა აპელანტმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე).შესაბამისად ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 23 დეკემბრიდან. მითითებული ვადის ბოლო დღეს წარმოადგენდა 2010 წლის 1 იანვარი, რომელიც დაემთხვა დასვენების დღეს.
პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილით თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. კონკრეტულ შემთხვევაში ვადის დამთავრების მომდევნო პირველი სამუშაო დღე იყო 2010 წლის 4 იანვარი, ანუ ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2010 წლის 4 იანვრის ჩათვლით.
პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და არც მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით ინდ.მეწარმე ,,მ. მ-შვილის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინდ.მეწარმე ,,მ. მ-შვილმა”
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარს თან დაურთო ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ასევე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, სასამართლოს აღნიშნული უნდა მიეღო, როგორც მისი ოჯახის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულების კატეგორიას და არც მიუთითებია, თუ კონკრეტულად რა დოკუმენტი უნდა წარედგინა სასამართლოსათვის, რათა განთავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და მიიჩნევს, რომ მ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით ინდ.მეწარმე ,,მ. მ-შვილის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეძი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და დარჩება განუხილველი.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ინდ.მეწარმე ,,მ. მ-შვილს” განესაზღვრა - 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ან უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის, რომლებიც დაადასტურებდა მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას და სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ დანიშნულ ვადაში მხარემ ხარვეზი არ შეავსო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო საჩივარზე მის მიერ დართული სამედიცინო დაწესებულების ცნობა და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, სასამართლოს უნდა მიეღო, როგორც მისი ოჯახის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოება და აღნიშნულის დასადასტურებელად წარმოდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომელიც მხარის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას დაადასტურებდა. ის ფაქტი, რომ აპელანტის შვილი შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით ექვემდებარება მკურნალობას, არ წარმოადგენდა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან მხარემ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მან დაკარგა შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.
ამდენად, საკსაციო პალატა მიიჩნევს, რომ ინ.მეწარმე ,,მ. მ-შვილის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ინდ.მეწარმე ,,მ. მ-შვილის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.