¹ას-8-7-2010 29 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე-ს. გ-იანი
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სახლის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა (სარჩელში), ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ს. გ-იანის სარჩელი მოპასუხე დ. მ-ძის მიმართ სახლის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. მ-ძის შეგებებული სარჩელი და ს. გ-იანი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ.თბილისში, ... შესახვევის ¹3-ში მდებარე ბინიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-იანმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე 2009 წლის 25 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტ ს. გ-იანის წარმომადგენელმა დ. კ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარის – დ. მ-ძის უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაებათ მ. ჯ-ი და ი. პ-ია, ვინაიდან მათ შეიძინეს დ. მ-ძის კუთვნილი 42\169 წილი საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თბილისი, ... შესახვევი ¹3. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მათ წარმოადგინეს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ მ. ჯ-მა დ. მ-ძისგან იყიდა ამ უკანასკნელდის კუთვნილი 27\169 წილი საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თბილისი, ... შესახვევი ¹3.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინებით ს. გ-იანის წარმომადგენლის დ. კ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მოწინააღმდეგე მხარის დ. მ-ძის უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ მ. ჯ-ი და ი. პ-ია.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2008 წლის 6 მაისს გაცემული ცნობა-დახასიათებით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ... შესახვევის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის 42\169 წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა დ. მ-ძე (იხ.ტ. 2, ს.ფ. 407).
2004 წლის 24 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. ჯ-მა დ. მ-ძისგან შეიძინა ქბთბილისში, ... შესახვევის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის 27\169 წილი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით (¹319\2005, 06.01.2005).
ქ.თბილისში, ... შესახვევის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის 15\169 წილი (15 კვ.მ), რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხებოდა დ. მ-ძის სახელზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ¹01\01-14\09-1690 (დამოწმების თარიღი 22.09.2009) განკარგულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ი. პ-იას, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით (882009301027, 24\09\2009).
პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მ. ჯ-მა და ი. პ-იამ შეიძინეს დ. მ-ძის კუთვნილი უძრავი ნივთი – ქ. თბილისში, შესახვევის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის 42\169 წილი, მათზე გადავიდა ყოფილი მესაკუთრის უფლება მოითხოვოს სადავო ფართზე საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა, ასევე მათზე გადავიდა სადავო ნივთთან დაკავშირებული კანონისმიერი ვალდებულებები.
შესაბამისად პალატამ ჩათვალა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან მოწინააღმდეგე მხარის – დ. მ-ძის გასვლის გამო, ეს უკანასკნელი უნდა შეცვლილიყო მისი უფლებამონაცვლეებით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჯ-მა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, უფლებამონაცვლედ მიიჩნევა პირი, რომელზეც გადადის შესაბამისი უფლებები და მოვალეობები, ხოლო ჩვენს შემთხვევაში კი მ. ჯ-ი ვერანაირად ვერ ჩაითვლება დ. მ-ძის უფლებამონაცვლედ, ვინაიდან მ. ჯ-ძე სადაო ფართის არანაირი უფლება არ გადასულა და მას წინამდებარე სასამართლო დავის შედეგების მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნია.
ამასთან კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2004 წლის 24 დეკემბერს დ. მ-ძესა და მ. ჯ-ს შორის ნოტარიულად გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ფართზე მდებარე თბილისი, ... შესახვევი ¹3, საცხოვრებელი სახლის 42\169 წილიდან 27\169 წილზე, შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელიც არანაირ შეხებაში არაა სადაოდ გამხდარ ფართთან, გარდა იმისა, რომ მეზობლად მდებარეობს, ხოლო დ. მ-ძის სახელზე დარჩა 15\169, რომელიც მდებარეობს თბილისი, ... შესახვევი ¹3, რომელიც წარმოადგენს სწორედ სადავო ფართს. ის არ ირიცხება სადაო საგნის მესაკუთრედ და შესაბამისად, ის ვერ მოახდენს სადაო ფართის აპელანტის სახელზე რეგისტრირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს, თანდართულ მტკიცებულებებს და თვლის, რომ მ. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინებით ს. გ-იანის მოწინააღმდეგე მხარის დ. მ-ძის უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ მ. ჯ-ი და ი. პ-ია.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ. ჯ-მა და ი. პ-იამ შეიძინეს დ. მ-ძის კუთვნილი უძრავი ნივთის – ქ. თბილისში, ... შესახვევის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის 42/169 წილი, კერძოდ, მ. ჯ-მა შეიძინა საცხოვრებელი სახლის 27/169 წილი-შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, ხოლო ი. პ-იამ 15/169 წილი.
საკასაციო პალატამ 2009 წლის 26 მარტს მხარეები მოიწვია პროცესზე, სადაც გამოირკვა, რომ მ. ჯ-ის მიერ შეძენილი ბინა მდებარეობს ს. გ-იანის მიერ სადავოდ გამხდარი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ხოლო ს. გ-იანი სადავოდ ხდის იმავე სახლის პირველ სართულზე მდებარე 15 კვ.მ წილ ფართზე საკუთრების უფლებას, რომელიც არ ირიცხება მ. ჯ-ის სახელზე. ამასთან ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე თავად ს. გ-იანმა განაცხადა, რომ ის არ ედავება მ. ჯ-ს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მ. ჯ-ი აღრიცხულია დ. მ-ძის თანამესაკუთრედ 42/169 წილზე. ხოლო ს. გ-იანის მიერ სადავოდ გამხდარი 15/169 წილი ფართი ჯერ ირიცხებოდა დ. მ-ძის სახელზე, ხოლო შემდეგ შესყიდულ იქნა ი. პ-იას მიერ (ს.ფ. 42).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში ( მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე და ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. გ-იანის მიერ სადავოდ გამხდარ ფართზე დ. მ-ძის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს არა მ. ჯ-ი, არამედ ი. პ-ია, ვინაიდან სწორედ მან შეიძინა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი დ. მ-ძისგან, რის გამოც მასზე გადავიდა ის ვალდებულებები და უფლებები, რაც მოცემულ დავასთან მიმართებით არსებობს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინება უნდა გაუქმდეს დ. მ-ძის უფლებამონაცვლედ მ. ჯ-ის ცნობის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინება დ. მ-ძის უფლებამონაცვლედ მ. ჯ-ის ცნობის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.