Facebook Twitter

ას-872-821-2010 13 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ღ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.

ა. ღ-შვილმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოხსენებული 2010 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ა.ღ-შვილის განცხადება დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ღ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შემდეგი საფუძვლით: მოცემულ საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ა.ღ-შვილის განცხადების დასაშვებობის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ა.ღ-შვილს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების ¹593 ცნობას, რომ ა. ღ-შვილი რეგისტრირებულია სამსახურის მაძიებლად. მითითებული განჩინება არ საჩივრდებოდა და შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, მასში ასახული გარემოება ა.ღ-შვილისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლის არსებობის შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და 266-ე მუხლებიდან გამომდინარე, დამატებით მტკიცებასა და დადგენას არ საჭიროებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად საქმის განმხილველი ინსტანციის სასამართლო მხარის მიერ სათანადოდ დადასტურებული ობიექტური გარემოებების შეფასების საფუძველზე თავად წყვეტს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხს. იგი არ არის შეზღუდული, თავად გადაწყვიტოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკითხი კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ა.ღ-შვილის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულების _ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების ¹593 ცნობა კერძო საჩივრის ავტორის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ვერ ასახავს და, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი ვერ გახდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა.ღ-შვილის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით ეცნობა მხარეს ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგიც.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ა.ღ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ მას ერთხელ უკვე აქვს გადავადებული სახელმწიფო ბაჟი და აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, დასახელებული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და 266-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, უნდა გავრცელდეს ასევე სხვა საქმის განხილვაზეც და საკასაციო სასამართლო მსჯელობა, რომ სასამართლო თავად წყვეტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხს უსწოროა, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილი გარემოება იმავე მხარეებს შორის, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ა.ღ-შვილი აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი კი ადგენს, რომ კერძო საჩივრის კანონით დადგენილ მოთხოვნებათან შეუსაბამობის შემთხვევაში სასამართლო საჩივარს დაუდგენს ხარვეზს და მის ავტორს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესასრულებლად. მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ა.ღ-შვილის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებაით ეცნობა მხარეს ხარვეზის გამოსწორებლობის შედეგი _ კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა ა.ღ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით ა.ღ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული განჩინებით მას ერთხელ უკვე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და 266-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მოცემული საქმის განხილვაზეც ვრცელდება და მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

საკასაციო სასამართლო, მოცემული განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ ა.ღ-შვილმა ვერ უზრუნველყო დადგენილი ხარვეზის გამოსწორება _ არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ გარემოებებს, აღნიშნული უკვე იყო საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, რის თაობაზეც ა.ღ-შვილს ეცნობა 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით. შესაბამისად, განცხადებაში მითითებული გარემოებები განმეორებით ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა.ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.