Facebook Twitter

ას-892-840-2010 1 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. თ-ელი (განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. თ-ელიმ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გ. კ-ავასთან განქორწინების რეგისტრაციის შესახებ იურიდიული ფაქტის დადგენა შემდეგი საფუძვლებით: 1980 წლიდან დ.თ-ელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ.კ-ავასთან, რომელთანაც გალის სახალხო სასამართლოს 1986 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განქორწინდა. განქორწინება აღირიცხა გალის მმაჩის განყოფილებაში, თუმცა განმცხადებელმა განქორწინების მოწმობა დაკარგა. აღნიშნული დოკუმენტი მხარეს ესაჭიროება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წარსადგენად.

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით განმცხადებელ დ. თ-ელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა განმცხადებელმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინებით დ. თ-ელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება დ. თ-ელის 2010 წლის 14 ივლისს პირადად ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე სასამართლომ ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადა აითვალა 2010 წლის 15 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა აღნიშნული ვადის დარღვევით _ 2010 წლის 5 აგვისტოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ.თ-ელიმ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ, დ.თ-ელის მიერ არა ერთხელ მიმართვის მიუხედავად, დროულად არ გაუგზავნა სასამართლო სხდომის ოქმები, რომლებიც პროცესის სწორ მიმდინარეობას არ ასახავდა.

მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დაცვით, რადგან იგი საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2010 წლის 27 ივლისს. რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივრის საქმისათვის დართვისას ამოღებულ იქნა საფოსტო კონვერტი, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა, თუმცა კერძო საჩივარს დაერთო შესაბამისი საფოსტო ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. თ-ელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით ირკვევა, რომ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება განმცხადებელ დ. თ-ელის იმავე დღეს, 2010 წლის 14 ივლისს პირადად ჩაბარდა, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 15 ივლისს და ამოიწურა 28 ივლისს. 2010 წლის 5 აგვისტოს მხარემ სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელსაც კონვერტი არ ერთვის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დ.თ-ელის მითითებას, რომ მან სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას 2010 წლის 27 ივლისს ჩააბარა, ვინაიდან კერძო საჩივარზე დართული საფოსტო ქვითრით უტყუარად არ დასტურდება, თუ ვინ ან რა სახის გზავნილი ჩააბარა ფოსტას. სხვა რაიმე მტკიცებულება კი მხარეს არ წარმოუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და დ. თ-ელის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. თ-ელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება