Facebook Twitter

ას-896-844-2010 26 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ქ. ჯ-ია (წარმომადგენელი შ. ჯ-ძე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ლ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 21 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. ჯ-იამ მოპასუხე გ. ლ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, ა. ლ-ძის სასარგებლოდ 400 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება მის სრულწლოვანებამდე.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ქ. ჯ-ია 2007 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ლ-ძესთან. თანაცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 23 ივნისს, მათ შეეძინათ შვილი ა.. მოსარჩელე ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში, ბათუმში, ... ქ. ¹15-ში. გარდა ამისა, მას გააჩნია სამომავლო უფლება ბათუმში, ... უბანში, ბებიის ვალენტინა ჯიჯავაძის საცხოვრებელ სახლში. შესაბამისად, ქ. ჯ-იას აქვს ყველა პირობა შვილის აღზრდისათვის. რაც შეეხება მოპასუხის შესაძლებლობას, მას აქვს საშუალება შეასრულოს შვილის მიმართ საალიმენტო მოვალეობა. გ. ლ-ძესა და მის ოჯახს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპანდიდში აქვთ ციტრუსების ბაღი, საიდანაც ყოველწლიურად კრეფენ და რეალიზაციას უკეთებენ 8-10 ტონა ციტრუსს. ამასთან, ოჯახს ჰყავს მსხვილფეხა საქონელი, რომლის პროდუქციასაც უკეთებს რეალიზაციას. თავად გ. ლ-ძე მუშაობს შპს “ვ.-ში” ოპერატორად და მისი თვიური ანაზღაურება შეადგენს 400-500 ლარს. ამას ემატება მშობლების მიერ ოჯახში მათი საქმიანობიდან ყოველთვიური შემოსავალი 500-600 ლარის ოდენობით.

სამართლებრივად მოსარჩელის მოთხოვნა დაეფუძნა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე მუხლებს, რომელთა თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები; თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე. შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედელობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას (ს.ფ. 2-10).

საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ სარჩელის მოთხოვნა შეამცირა, კერძოდ, მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა მან განსაზღვრა 150 ლარით (ს.ფ. 47-52).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ლ-ძეს არასრულწლოვანი შვილის, ა. ლ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 75 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2010 წლის 21 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. ჯ-ია 2007 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ლ-ძესთან. 2010 წელს გ. ლ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. ჯ-იას მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე;

2008 წლის 23 ივნისს მხარეებს შეეძინათ შვილი, ა. ლ-ძე;

არასრულწლოვანი ბავშვი ა. ლ-ძე ცხოვრობს ქ. ჯ-იასთან, რომელიც დამოუკიდებლად ზრდის მას;

მოპასუხე გ. ლ-ძე არ მუშაობს, აქვს სეზონური სამუშაო, საიდანაც სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა მატეიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. შვილების რჩენა-აღზრდა მშობელთა უფლება-მოვალეობას წარმოადგენს. მშობლები თანაბარწილად არიან ვალდებულნი არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

საქალაქო სასამართლომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, გ. ლ-ძეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ალიმენტის გადახდა თვეში 75 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე (ს.ფ. 53-56).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ჯ-იამ (წარმომადგენელი შ. ჯ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც გ. ლ-ძეს არასრულწლოვანი შვილის, ა. ლ-ძის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით (ს.ფ. 59-67).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ქ. ჯ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ქ. ჯ-იას სააპელაციო საჩივრის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტს სურდა მოპასუხეს დამატებით დაკისრებოდა ალიმენტის გადახდა თვეში 75 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც გ. ლ-ძე მთლიანობაში გადაიხდიდა ალიმენტს თვეში 150 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობას, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 900 ლარს. აღნიშნული ღირებულება სასამართლომ შემდეგნაირად განსაზღვრა:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენდა 900 ლარს (75 X 12 = 900).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი განუხილველად დატოვა (ს.ფ. 76-79).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. ჯ-იამ (წარმომადგენელი შ. ჯ-ძე) კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალიმენტის ოდენობა არ განსაზღვრა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიერ დამკვიდრებული წესების შესაბამისად. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მოტივით საქმის განუხილველად დატოვება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებს.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრით მათ მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების არა ნაწილობრივ, არამედ მთლიანად გაუქმება და მოპასუხისათვის 150 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 1 800 ლარს.

კერძო საჩივრის ავტორმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად ქ. ჯ-იას სარჩელის მოთხოვნა იყო მოპასუხისათვის 400 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება. მოგვიანებით, სასამართლო სხდომაზე შეთანხმებული თანხის დაკისრების მიზნით მოსარჩელე დაეთანხმა მოთხოვნის 150 ლარამდე შემცირებას, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე. საბოლოოდ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 75 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის გაზრდად არ უნდა მიიჩნიოს ის, რომ ქ. ჯ-იას მოთხოვნას კვლავ წარმოადგენს გ. ლ-ძისათვის 400 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანი შვილის ა. ლ-ძის სასარგებლოდ, მის სრულწლოვანებამდე (ს.ფ. 84-85).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ჯ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ. ჯ-იას საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, ა. ლ-ძის სასარგებლოდ 150 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება, მის სრულწლოვანებამდე (ს.ფ. 47-52). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის, ა. ლ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა თვეში 75 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (ს.ფ. 53-56). დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ჯ-იამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, ა. ლ-ძის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება 150 ლარის ოდენობით (ს.ფ. 59-67). აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავოდ გახადა 75 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1 000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ქ. ჯალაღონიას სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება სწორად განსაზღვრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია 75 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 900 ლარს (75 X 12), რაც არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ჯ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.