Facebook Twitter

ას-89-79-2011 21 თებერვალი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. კ-ირი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჩ-ავა (მოპასუხე)

მესამე პირი _ ნოტარიუსი ც. ბ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება და ქონების საკუთრებაში აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. კ-ირმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჩ-ავას მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებისა და ქონების საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 1997 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა ვ. და თ. კ-ირების მამა ი. კ-ირი, რომელიც 1965 წლის 28 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. და თ. კ-ირების დედინაცვალთან - გ. თ-იასთან. 2008 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა თ. კ-ირი, ხოლო 2009 წლის 13 მარტს – გ. თ-ია. მამკვიდრებელ – ი. კ-ირს დარჩა უძრავი ქონება, კერძოდ, ქ.თბილისში, ... გამზირ ¹51-ში, პირველი კვარტლის, მე-9 კორპუსში მდებარე ¹27 ბინა, რომელიც 2007 წლის 18 მაისს ¹2-429 ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2007 წლის 28 მაისს საკუთრების უფლებით აღირიცხა მამკვიდრებლის შვილიშვილის – მ. ჩ-ავას სახელზე. მამკვიდრებელს, 92 წლის ი. კ-ირს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი მოქმედების მნიშვნელობა. მ. ჩ-ავას სამკვიდრო არ აქვს მიღებული კანონით განსაზღვრულ ვადაში.

მოპასუხე მ. ჩ-ავამ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: 1996 წლის 16 ნოემბერს მამკვიდრებელმა ი. კ-ირმა სანოტარო წესით შედგენილი ანდერძით მთელი თავისი ქონება დაუტოვა თავის შვილიშვილს – მ. ჩ-ავას, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ანდერძისმიერ მემკვიდრეს. სამკვიდრო გაიხსნა 1997 წლის 17 ოქტომბერს მამკვიდრებლის გარდაცვალებით. სამკვიდროში შევიდა ქ.თბილისში, ... გამზირ ¹51-ში, პირველი კვარტლის, მე-9 კორპუსში მდებარე ¹27 ბინა. ამასთან, როგორც ანდერძის შინაარსიდან ირკვევა, მამკვიდრებელმა ანდერძით აღნიშნული ბინის გარდა მ. ჩ-ავას დაუტოვა მთელი თავისი ქონება. გარდაცვალების დროისთვის მამკვიდრებლის სახელზე აღიცხული იყო ზემოთაღნიშნული ბინა და შემსალაროს წიგნაკები. მოპასუხე სამკვიდროს გახსნიდან კანონით დადგენილ 6 - თვიან ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, კერძოდ, სამკვიდროს დაუფლება გამოიხატა სამკვიდროში შესული ისეთი ქონების ფლობაში, როგორიც არის მამკვიდრებელ ი. კ-ირის სახელზე არსებული ანაბრის წიგნაკი. მოცემული ქონების (ფასიანი ქაღალდის) წარდგენით სანოტარო ბიუროში დადასტურდა მ. ჩ-ავას, როგორც ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფლობის ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 აგვიტოს გადაწყვეტილებით ვ. კ-ირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. კ-ირის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ვ. კ-ირის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 აგვიტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, 10 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან სააპელაციო საჩივრის ავტორის -ვ. კ-ირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის _ 498 ლარისა და 28 თეთრის გადახდის ქვითარი. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელ თ. კ-ძის ოჯახის წევრს (მეუღლეს), რ. კ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 17 ნოემბერს და ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა ამოიწურა 2010 წლის 29 ნოემბერს. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2010 წლის 30 ნოემბერსა და 3 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი 2010 წლის 18 ნოემბრიდან და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ამოიწურა 2010 წლის 29 ნოემბერს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ ვ. კ-ირის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. კ-ირმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 17 ნოემბერს, ვინაიდან თავად აპელანტს ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 25 ნოემბერს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 26 ნოემბრიდან და ამოიწურა 2010 წლის 5 დეკემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ირის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე 2010 წლის 17 ნოემბერს ჩაჰბარდა აპელანტ ვ. კ-ირის წარმომადგნელის ოჯახის სრულწლოვან წევრს (მეუღლეს), რ. კ-შვილს, რაც სასამართლო გზავნილის მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

ზემოხსენებული კანონის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო უწყება თუ გზავნილი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს პირადად, მათი ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილზე მყოფ თანამდებობის პირს, რომელიც თავისი ხელმოწერით დაადასტურებს სასამართლო უწყების მიღებას და ადრესატისათვის მისი გადაცემის ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უწყების მხარისა და მისი წარმომადგენლის მიერ მიღების თარიღად მიიჩნევა ზემოხსენებული თანამდებობის პირის მიერ უწყების მიღების თარიღი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის აპელანტ ვ. კ-ირის წარმომადგენელ თ. კ-ძის ოჯახის წევრისთვის ჩაბარება გზავნილის აპელანტისთვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, მოცემული ნორმის გამოყენების წინაპირობაა მხარის მიერ საპროცესო მოქმედების ვადის გაშვება.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აპელანტ ვ. კ-ირს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა, რომელიც აითვლება 2010 წლის 17 ნოემბრის, ხარვეზის თაობაზე განჩინების მხარისათვის ჩაბარების შემდგომი დღიდან, _ 2010 წლის 18 ნოემბრიდან და იწურება 2010 წლის 29 ნოემბერს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ზემოხსენებულ პერიოდში აპელანტს, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სასამართლოსათვის არ მიუმართვს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. კ-ირის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.