Facebook Twitter

ას-89-84-10 13 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. კ-ძე, მ. ქ-ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ადმინისტაციულო ორგანოსათვის ქმედების დავალდებულება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რეესტრის ჩანაწერის გაუქმება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ქ-ძის, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიეტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ადმინისტაციული აქტის ბათილობის, რეესტრის ჩანაწერის გაუქმების, ადმინისტაციულო ორგანოსათვის ქმედების დავალდებულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 14 ივლისის ¹73 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2003 წლის 22 აგვისტოს ¹72 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი თ. კ-ძეზე 2000 წლის 14 ივლისის ¹73 გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩანაწერი; ბათილად იქნა ცნობილი თ. კ-ძესა და მ. ქ-ძეს შორის 2002 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ზ. მ-ძის მოთხოვნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. ქ-ძემ და თ. კ-ძემ.

სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო მოთხოვნის ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შევიდა ხარვეზით, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც აპელანტებს 2009 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 270 ლარის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი ქვითარის სასამართლოში წარმოდგენისათვის განესაზღვრათ 7 _ დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

2009 წლის 13 ნოემბერს, მ. ქ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მ. ქ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; აპელანტებს, მ. ქ-ძესა და თ. კ-ძეს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსებისათვის, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 270 ლარის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი ქვითარის სასამართლოში წარმოსადგენად დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა მხარისათვის ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 4 დღით. მათვე განემარტათ, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვებოდა.

ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით 2009 წლის 2 დეკემბერს, რომლის თანახმადაც აპელანტებს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდათ 2009 წლის 6 დეკემბრამდე, იმის გათვალისწინებით, რომ 6 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად იყო მომდევნო სამუშაო დღე _ 7 დეკემბერი.

აპელანტებმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მ. ქ-არისა და თ. კ-ძის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში შევიდა აპელანტების შუამდგომლობა, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ მოძიებული აქვთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის ნახევარი, მზად არიან ის ჩარიცხონ შესაბამის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნახევრის მოძიებისათვის კვლავ ესაჭიროებათ ერთი კვირის ვადა.

ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (ანუ თანხის ნახევრში შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის), აპელანტებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ, რაც სასამართლოს მისცემდა იმის შეფასების საშუალებას რამდენად მართებული იქნებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელება.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული საქმე ხარვეზის შევსების ეტაპზეა ერთ თვეზე მეტი ვადის განმავლობაში და დამატებით რაიმე მტკიცებულება მხარეებს არ წარმოუდგენიათ, არსებული რეალობის პირობებში კი ხარვეზის ვადის კვლავ გაგრძელება, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით არაგონივრული და არასამართლიანი იქნება.

საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილითა და საფოსტო განყოფილებიდან დაბრუნებული შეტყობინებით ირკვევა, რომ აპელანტებს, 2009 წლის 20 ნოემბრის ხარვეზის ვადის გაგრძელების განჩინება ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით 2009 წლის 2 დეკემბერს, რომლის თანახმადაც აპელანტებს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდათ 2009 წლის 7 დეკემბრამდე. მიუხედავად აღნიშნულისა აპელანტებს სასამართლო მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს თ. კ-ძემ და მ. ქ-ძემ. მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბოლოს განუხილველად დატოვა მათი სააპელაციო საჩივარი. სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაევადებინა Mმათთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. ქ-ძისა და თ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ასევე არ არის გადახდილი ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ მ. ქ-ძესა და თ. კ-ძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე განესაზღვრათ ვადა 7 დღე, ხარვეზის შესავსებად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა.

2009 წლის 11 დეკემბერს აპელანტებმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მ. ქ-არისა და თ. კ-ძის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად უნდა გადაევადებინა მათთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალსიწინებით შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორების მიერ არ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა დადასტურებული ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზი, რის გამოც მისი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. კ-ძისა და მ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.