Facebook Twitter

ას-898-846-2010 25 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ს-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ს-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ს-ძის მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2009 წლის 25 მარტს მოპასუხეს ასესხა 2000 აშშ დოლარი და 2300 ლარი. მ.ს-ძეს სესხი არ დაუბრუნებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ნ.ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ს-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარისა და 2300 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით მ.ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და 2010 წლის 12 ივლისის განჩინებით აპელანტს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 92,80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გზავნილისა და საფოსტო განყოფილების შეტყობინებით სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ს-ძის წარმომადგენელ ა. თ-შვილს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2010 წლის 19 ივლისს პირადად ჩაბარდა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, გზავნილის აპელანტისათვის ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის მე-60 მუხლით, 61-ე მუხლის მეორე ნაწილით და ჩათვალა, რომ მ.ს-ძეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 2010 წლის 20 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, რაც მას არ განუხორციელებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ს-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტის წარმომადგენელ ა. თ-შვილს 2010 წლის 19 ივლისს ჩაბარდა, რაც იმავე დღეს გადაეცა მარწმუნებელს. ფაქტობრივად მ.ს-ძემ ხარვეზი დადგენილ ვადაში _ 2010 წლის 24 ივლისს შეავსო და სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მითითებული გარემოება განპირობებული იყო ხარვეზის დადგენის თაობაზე სასამართლო განჩინების ბუნდოვანებით, საიდანაც ნათლად არ ირკვეოდა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარდგენილიყო სასამართლოსათვის.

აღსანიშნავია, რომ მ.ს-ძე მოცემულ ეტაპზე ვეღარ სარგებლობდა ადვოკატის დახმარებით, რადგან ა. თ-შვილი მის უფლებებს იცავდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. შემდგომ კი მხარემ ვერ აიყვანა ადვოკატი უსახსრობის გამო. ამასთან, აპელანტი გადის ფსიქიატრიულ მკურნალობას და, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეულ მოვლენებს ნათლად ვერ აღიქვამს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე სასამართლო განჩინება აპელანტს 2010 წლის 19 ივლისს ჩაბარდა წარმომადგენლის _ ა.თ-შვილის მეშვეობით.

სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და, მ.ს-ძის განმარტებით, მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოსათვის არ წარუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით მ.ს-ძის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ხარვეზის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ აპელანტს დაავალა 5 დღის ვადაში მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენის ვალდებულება განჩინებაში გარკვევით მითითებული არ იყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აპელანტმა მ. ს-ძემ, ხარვეზის შევსების მიზნით, სასამართლოში უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის _ 92,80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, აპელანტს სათანადოდ განემარტა მისი საპროცესო ვალდებულებანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, კერძო საჩივრაზე დართული ქვითრით დასტურდება მ. ს-ძის მიერ 2010 წლის 24 ივლისს სახელმწიფო ბაჟის _ 239 ლარის გადახდის ფაქტი, მაგრამ აღნიშნული სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება, რადგან მხარეს მითითებული ქვითარი სასამართლოსათვის დროულად არ წარუდგენია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის საფუძველს, რომ მ.ს-ძეს მოვლენების სწორად აღქმა უჭირს, რადგან აღნიშნული გარემოება მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ დაუდასტურებია.

ზემოხსენებულის დასადასტურებლად საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს არც კერძო საჩივარზე დართული ექიმ ნ.თ-ძის ცნობა, ვინაიდან იგი ცალსახად არ მიუთითებს პირის მიერ მოვლენათა აღქმის შესაძლებლობის დაქვეითებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში მ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს 2010 წლის 24 ივლისს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 239,65 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

მ. ს-ძეს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 239,65 ლარი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.