¹ას-903-943-2011 15 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ბ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ა-ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ისა ა-ვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ბ-ძის მიმართ ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებათა გამო:
2009 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებით, რ. ბ-ძემ საცხოვრებელი სახლი მიყიდა ი. ა-ვს განვადებით. მოსარჩელეს გადახილი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ღირებულების ნაწილი _ 12 300 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 6 700 აშშ დოლარის მიღებაზე რ. ბ-ძე უარს აცხადებს. გამომდინარე აქედან, მოსარჩელე ითხოვს, რომ სასამართლომ დაავალოს მოპასუხემ მიიღოს საცხოვრებელი სახლის ღირებულების თანხის დარჩენილი 6 700 აშშ დოლარი და მის სახელზე აღრიცხოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახლი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-ვმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს მორიგების აქტი და მისი დამტკიცება მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინებით ი. ა-ვსა და რ. ბ-ძეს შორის დამტკიცდა მორიგება, შემდეგი პირობებით:
მოპასუხე რ. ბ-ძემ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 30 დეკემბრამდე მოსარჩელე ი. ა-ვს უნდა გადაუხადოს ბინის შეძენასთან დაკავშირებით გადახდილ 12 300 აშშ დოლარიდან 11 600 შშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 700 დოლარი უნდა გადაუხადოს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში, თუ არ დადასტურდება ი. ა-ვის ბრალეულობა.
რ. ბ-ძემ აღნიშნული თანხის დასაფარავად, ყოველი თვის ბოლოს უნდა გადაიხადოს 1000 აშშ დოლარი, ხოლო ნოემბრის თვეში 600 აშშ დოლარი, ბოლო დეკემბრის თვის 1000 აშშ დოლარს მოპასუხე არ გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ ი. ა-ვის ბრალეულობა დადასტურდება სასამართლო წესით.
მორიგების აქტის პირველი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, ანუ მოპასუხის მიერ თანხის დროულად არ გადახდის შემთხვევაში, მოსარჩელე ი. ა-ვმა მოპასუხე რ. ბ-ძის ანგარიშზე ან სანოტარო ბიუროს (ნოტარიუსის) დეპოზიტზე, უნდა ჩარიცხოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი თანხა 6 700 აშშ დოლარი და რ. ბ-ძის მიერ ი. ა-ვისადმი უკან დაბრუნებულ თანხა მთლიანად და თანხის ჩარიცხვის ქვითრის საჯარო რეესტრში წარდგენის შემდეგ, ისა ა-ვი ცნობილ უნდა იქნეს ბინის მესაკუთრედ. საჯარო რეესტრის ჩანაწერში შევა ცვლილება: კერძოდ რ. ბ-ძის სახელზე რიცხული შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი სახლი) განაშენიანება 104 კვ.მ და მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 166,0 კვ.მ მდებარე ქ. ახალციხე, ნათენაძის ქ. ¹48, საკადასტრო კოდი ... მესაკუთრედ დარეგისტრირდება ი. ა-ვი, იმ შემთხვევაში, თუ ისა ა-ვი სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილ იქნება დამნაშავედ, ის გადაუხდის რ. ბ-ძეს 700 დოლარს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ რ. ბ-ძის სახელზე რიცხულ ბინაზე დადებული ყადაღა მოიხსნება აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, ისა ა-ვს დაუბრუნდება მის მიერ ყადაღის დადაებისას შეტანილი 1500 ლარი, რომელიც შეტანილია მოსალოდნელი შებრუნებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო სადეპოზიტო ანგარიშზე, სს «ბანკი რესპუბლიკა», კოდი ...., ანგარიშის ნომერი ..., მორიგების აქტის დადასტურებისთანავე.
მხარეთა მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება.
მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ბ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მასსა და ი. ა-ვს შორის დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა ისა ა-ვის მიერ, რამაც მას შუქმნა ფინანსური პრობლემები. მიუხედავად ამისა მოსამართლემ არ გამოიკვლია სრულად საქმის გარემოებები და იმ დროს, როცა რ. ბ-ძეს გააჩნდა მოთხოვნა ი. ა-ვის მიმართ ხელშეკრულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაამტკიცა მორიგების აქტი. კერძო საჩივრის ავტორი ასევე განმარტავს, რომ მას არ მიეცა საშუალება სასამართლო სხდომაზე გაცნობოდა მორიგების აქტის შინაარსს. რ. ბ-ძეს მიაჩნია, რომ მორიგების დამტკიცებით მას მოესპო უფლება აღძრას სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
რ. ბ-ძე ასევე უთითებს, რომ მორიგების აქტის დამტკიცებისას დაირღვა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განამტკიცებს ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა დისპოზიციურობის პრინციპი. აღნიშნული პრინციპი ასახულია საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრინციპი ასევე რეალიზებულია საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლში, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა საპროცესო უფლებები, მათ შორის უფლება _ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა მორიგება მნიშვნელოვანი წინაპირობაა პროცესის ეკონომიურობის, მხარეთა სასამართლო ხარჯების დაზოგვის, დავის სწრაფად გადაწყვეტის და მომავალი დავის თავიდან აცილების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საპროცესო კანონი ამ მეტად მნიშვნელოვანი საპროცესო ინსტიტუტის გამოყენების მიზნით არ ზღუდავს სასამართლოს ითამაშოს აქტიური როლი მხარეთა მორიგებაში და დაარწმუნოს პროცესის მონაწილეები საქმის მორიგებით დამთავრების პოზიტიურ შედეგებში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე და 218-ე მუხლები).
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული დავა წარმოშობილია ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან. კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის გარკვეული ქმედების დავალებისაკენ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ისნტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არაერთხლ გადაიდო საქმის განხილვა მხარეთა მორიგების მიზეზით. 2011 წლის 17 მაისს მხარეებმა შეადგინეს მიროგების აქტი და წარუდგინეს სასამართლოს. ამავე თარიღით გამართულ სასამართლო სხდომაზე რ. ბ-ძის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხე დაუბრუნებს ფულს მოსარჩელეს 2012 წლის ბოლომდე, რაც მიღებული აქვს, თუმცა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების წესზე, რომელიც განიცადა რ. ბ-ძემ მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მოსარჩელის მხრიდან მისთვის მიყენებული ზიანისა და მომავალში ახალი შესაძლო დავის დაწყების შესახებ მიუთითებდა როგორც თავის შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მირიგების აქტის დამტკიცებისას არ იმსჯელა რ. ბ-ძის პოზიციაზე, რომელიც შეეხებოდა ი. ა-ვის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს. მართალია ზიანის ანაზღაურება არ წარმოადგენს მოცემული დავის საგანს, თუმცა, დიდი ალბათობით მოსალოდნელია მხარეთა შორის შემდგომშიც გაგრძელდეს დავა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, თითქოს სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორს მიუთითა არა დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე, არამედ ერთმნიშვნელოვნად განუცხადა მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმის მასალებით.
ამდენად საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საკითხების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტი სრულად არ ასახავს მხარეთა ნებას, ამასთან, ამ სახით მორიგების ძალაში დატოვების შემთხვევაში არსებობს მაღალი ალბათობა, რომ დავა მომავალშიც გაგრძელდეს, რაც ეწინააღმდეგება მორიგების არსს და რამაც შესაძლოა შეაფერხოს მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობების შესრულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ბ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.