ას-905-853-2010 24 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ფ. დ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. დ-ძის სარჩელი მოპასუხე შპს “...” მიმართ, სამუშაოზე აღდგენისა და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 10 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფ. დ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ფ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს “...” დირექტორის 2005 წლის 1 სექტემბრის ¹89 ბრძანების, ასევე შრომითი ხელშეკრულების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა, ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს “...” დირექტორის 2005 წლის 1 სექტემბრის ¹89 ბრძანებისა და ფ. დ-ძესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკურლება, ამ უკანასკნელის საინფორმაციო რეგისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი.
2010 წლის 5 ივლისს ფ. დ-ძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხზე არ ჰქონდა ნამსჯელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ფ. დ-ძის განცხადება, იმავე სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი, ამასთან განცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს სცილდებოდა.
ზემოაღნიშნული განჩინება ფ. დ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. დ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ განჩინებაზე დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, კერძოდ, დასახელებული კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ფ. დ-ძის განცხადება, იმავე სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან ნათლად ირკვევა, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინებაზე, ხოლო უარი გადაწყვეტილების განმარტებაზე არ საჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში კი ფ. დ-ძემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების განმარტებაზე, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 401-ე, 419-ე, 414-ე, 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ. დ-ძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.