Facebook Twitter

საქმე # 120100120003489190

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№651აპ-20 ქ. თბილისი

ხ–ი დ., 651აპ-20 16 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში არის უკანონო, ითხოვს მის შეცვლასა და დ. ხ–ისათვის რეალურად მოსახდელი სასჯელის შეფარდებას. კასატორი მიიჩნევს, რომ დ. ხ–ის ქმედებაში გამოკვეთილია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები - დაზარალებულს გააჩნია მის მიმართ პრეტენზია, ასევე ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც ყველა დანაშაულს ამძიმებს.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის განაჩენით დ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ხ-მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 7 ნოემბერს, 3 და 8 დეკემბერს ქ. ........ში, .............ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დ. ხ–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ფ–ს ხელებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და ტანის არეში, ხოლო 8 დეკემბერს მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მარჯვენა ხელი დაარტყა სახეში და მოქაჩა თმა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტანჯვა და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2019 წლის 7 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე პერიოდში, ქ. ........ში, ...........ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ. ხ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ. ფ–ს არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ. ფ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ, რომელიც ითხოვდა მის შეცვლასა და დ. ხ–ისათვის სასჯელის დამძიმებას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ხ–ს ბრალად დაედო 2019 წლის 7 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე პერიოდში ნინო ფსუტურის მიმართ არაერთხელ ჩადენილი მუქარა და აღნიშნავს, რომ მუქარა არ არის განგრძობადი დანაშაული და მისი ყველა ეპიზოდი ცალკე კვალიფიკაციას საჭიროებს, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს ბრალდების ფარგლებში, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, დ. ხ–ის ქმედების რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდად გადაკვალიფიცირებით დაამძიმოს მისი ბრალი. აღსანიშნავია, რომ კასატორი თავის საჩივარში, ერთი მხრივ, უთითებს, რომ გაუგებარია სასამართლოს არგუმენტები, რომელმაც ჩათვალა, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უზრუნველყოფდა ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო, მეორე მხრივ, იშველიებს სულ სხვა სისხლის სამართლის საქმის გარემოებებსა და სტატისტიკას, რომელიც განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ. ხ–ს მსჯავრად შერაცხული ორივე დანაშაულებრივი ქმედებისათვის სასჯელად შეეფარდა სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა; სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 63-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. ხ–ს ადეკვატური სასჯელი შეუფარდა, რომელიც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო მისი რეალურად მოხდა საკასაციო სასამართლოს არ მიაჩნია საჭიროდ.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი