Facebook Twitter

საქმე # 330100115791611

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №273აპ-19 ქ. თბილისი

ხ–ე გ., 273აპ-19 2 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ცაცუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ხ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 15 მაისის რედაქცია) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ხ–ის ბრალეულობა ბრალად წარდგენილ ქმედებებში, რასაც ადასტურებს დაზარალებულ გ. კ–სა და მოწმე დ. ლ–ს ჩვენებები, სატელეფონო საუბრების კრებსები, საქართველოს შს სამინისტორს მიერ გაცემული ცნობები და მასალები, საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ხ–ს ბრალი დაედო კანონიერ ქურდობასა და გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.

გ. ხ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: წარსულში ნასამართლევი გ. ხ–ე, მეტსახელად „...“, 1... წელს ე.წ. კანონიერმა ქურდმა თ. გ–მ აღიარა კანონიერ ქურდად, რის შემდეგაც იგი სისტემატურად მონაწილეობდა ქურდულ შეკრებებსა და გარჩევებში, რომლებიც იმართებოდა საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა რეგიონში გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით. მის დანაშაულებრივ დავალებებს ემორჩილებოდა ქურდული და კრიმინალური სამყაროს პირთა წრე. 2004 წლის 14 იანვარს გ. ხ–ე გაემგზავრა უკრაინაში, სადაც იგი აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას - საქართველოში ქურდული სამყაროს წესებით კვლავ არჩევდა საქმეებს და აკონტროლებდა ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ფულადი თანხების შეტანას.

გ. ხ–ემ, როგორც ე.წ. კანონიერმა ქურდმა, რ. რ–თან, ვ. ბ–სა და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით განიზრახა მიეღო დიდი ოდენობით ქონებრივი სარგებელი საქართველოში მაცხოვრებელი რომელიმე მოქალაქისაგან თანხის გამოძალვით, ე.წ. ქურდულ საერთოში შეტანის მოტივით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ნაცნობების - რ. რ–ს, ვ. ბ–ისა და გამოძიებით დაუდგენელი პირების მეშვეობით, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით დაუკავშირდა .........ში, წ.........ის N.-ში მდებარე .............ის სახელობის .........ოს ............ უნივერსიტეტის რექტორს - გ. კ–ს, თანამზრახველებთან ერთად დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით, კერძოდ: მისი დავალებით, რ. რ–ე და გამოძიებით დაუდგენელი სამი პირი 2009 წლის 11 ოქტომბრიდან 2009 წლის დეკემბრის ბოლომდე მობილური ტელეფონით სისტემატურად უკავშირდებოდნენ გ. კ–ს და მას ფიზიკური განადგურების მუქარით სთხოვდნენ თავდაპირველად - 200000 ევროს გადახდას, რის შემდეგაც საბოლოოდ დაუთქვეს პირობა,რომ თავს დაანებებდნენ და შემდგომში მოუგვარებდნენ ყველა პრობლემას - 50000 ევროს გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნულის დასადასტურებლად და მეტი დამაჯერებლობისათვის გ. კ–ს უთხრეს, რომ ამ საკითხზე დალაპარაკებოდა რ. რ–ს და მის ნაცნობ ავტორიტეტს.

2009 წლის 30 დეკემბერს გ. ხ–ე, რომელიც მოქმედებდა ჯგუფის წევრებთან ერთიანი განზრახვით, უ..........დან ...........ში მობილური ტელეფონით დაუკავშირდა .............. სახელობის .........ოს ........ი უნივერსიტეტის რექტორს - გ. კ–ს და ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვა „ქურდულ საერთოში“ ხსენებული ინსტიტუტის შემოსავლიდან მისი ნაცნობების მიერ მოთხოვნილი თანხის შეტანა. ამასთან, მან გამოთქვა უკმაყოფილება, რომ, როგორც „კანონიერ ქურდს“, ამ საკითხზე მეტად ნუღარ შეაწუხებდა და გადასახდელი თანხა მიეცა მისი სახელით მისული პირებისათვის.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით გ. ხ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 15 მაისის რედაქცია) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა გ. ხ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

გ. ხ–ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 219-ე–228-ე მუხლებით დადგენილი წესით უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 15 მაისის რედაქცია) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის, 503-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა პირის ბრალეულობის შესახებ.

9. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გ. ხ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2006 წლის 15 მაისის რედაქცია) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები, არ დასტურდება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: კანონიერი ქურდობის ბრალდების ეპიზოდში ბრალდების მხარე აპელირებს პოლიციის მუშაკის - მოწმე დ. ლ–ს ჩვენებაზე, რომელიც განმარტავს, რომ გ. ხ–ე არის კანონიერი ქურდი. იგი უკანონოდ იღებდა წილებს სხვადასხვა საწარმოდან და კომპანიიდან, ასევე მონაწილეობდა „ქურდულ შეკრებებში“, მათ შორის - 2002-2003 წლებში .........ში ჩატარებულ შეკრებაში. პროკურორი ასევე იშველიებს საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2006 წლის 14 თებერვლის წერილს თანდართული მასალით, რომლის მიხედვით, კანონიერი ქურდების ჩამონათვალში მოხსენიებულია გ. ხ–ეც, მეტსახელად „.....“, რომელიც ეწეოდა უკანონო საქმიანობას და იღებდა წილებს არაერთი საწარმოდან თუ კომპანიიდან.

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ გ. ხ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად არ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. გამოძიებას არ ჩაუტარებია არანაირი საგამოძიებო მოქმედება, რათა დაედგინა მოწმე დ. ლ–სა და შს სამინსიტროს წერილში გადმოცემული ინფორმაციის რეალობა გ. ხ–ის უკანონო რეკეტულ და სხვადასხვა დანაშაულებრივი სამიანობისა და ქურდულ შეკრებებში მონაწილეობის შესახებ, კერძოდ: მოწმის სახით არ არის დაკითხული არცერთი იმ საწარმოს ხელმძღვანელი თუ წარმომადგენელი, რომელთა მიმართაც, გამოძიების ვერსიით გ. ხ–ე უკანონო რეკეტულ და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა. ასევე არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სხვა, უტყუარი წერილობითი მტკიცებულება. გამოძიებამ ასევე არ დაადგინა, 2002-2003 წლებში ...........ში ნამდვილად შედგა თუ არა ,,ქურდული შეკრება“ და მასში ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა გ. ხ–ე.

11. გამოძალვის ეპიზოდში ბრალდების მხარე აპელირებს დაზარალებულ გ. კ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მას მობილურ ტელეფონზე საზღვარგარეთიდან ორჯერ დაუკავშირდნენ მისთვის უცნობი პირები. პირველ შემთხვევაში მას უთხრეს, რომ ურეკავდნენ გ. ხ–ის დავალებით და ითხოვდნენ ფულად თანხას, ხოლო მეორე შემთხვევაში პირმა, რომელიც ურეკავდა, უთხრა, რომ იყო კანონიერი ქურდი - გ. ხ–ე და მანაც მოსთხოვა ფულადი თანხა. ბრალდების მხარის მოსაზრებით, აღნიშნული საუბრების სისწორეს ადასტურებს სატელეფონო კრებსების ამონაბეჭდი, რომლებშიც ასახულია დაზარალებულისა და გ. ხ–ის სატელეფონო საუბრები, სადაც აშკარად იკვეთება მუქარა გ. კ–ს მიმართ ფულადი თანხის გადაცემის მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო ბრალდების მოცემულ ეპიზოდშიც იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არ დგინდება, რომ გ. ხ–ის რაიმე შეხება და კავშირი ჰქონდა გამოძალვის ფაქტთან. საქმის მასალებით დადგენილია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზარალებულ გ. კ–ს მსჯავრდებულებმა - რ. რ–მ, ვ. ბ–მა (რომელთა მიმართაც გ. კ–სათვის ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტზე დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენი) და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა გამოსძალეს თანხა, კერძოდ: დაზარალებული გ. კ–ი თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ არ იცნობს არც გ. ხ–ს და არც პირს მეტსახელად „.....ს“. მისი ჩვენებით ირკვევა, რომ გამომძალველებს - ვ. ბ–სა და რ. რ–ს მასთან საუბრისას არასდროს უხსენებიათ გ. ხ–ე, შესაბამისად, მან ვერ დაადასტურა ვერც ის ფაქტი, რომ პირი, რომელიც მას გ. ხ–ის სახელით დაუკავშირდა, ნამდვილად მისი დავალებით რეკავდა და ასევე ვერც ის, რომ პირი, რომელიც სატელეფონო კომუნიკაციის დროს წარუდგა როგორც გ. ხ–ე, იყო ნამდვილად გ. ხ–ე. მხოლოდ ფარული მიყურადების - სატელეფონო საუბრის ჩანაწერში ორჯერ გ. ხ–ის სახელის ხსენება, მითუფრო იმ გარემოების გათვლისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიებამ არ დაადგინა, თუ ვის ეკუთვნოდა ის ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც დაზარალებულის მობილურ ტელეფონზე ირეკებოდა, ეკუთვნოდა და სარგებლობდა თუ არა ამ ნომრით ნამდვილად გ. ხ–ე, ასევე, ამავე ნომრიდან რეკავდნენ თუ არა გამოძალვაში მსჯავრდებულ პირებთან - რ. რ–სა და ვ. ბ–სთან, დადებით შემთხვევაში ამ ზარებით გ. ხ–ე აძლევდა თუ არა მითითებებსა და დირექტივებს გ. კ–საგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოსაძალავად. ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლად შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ სწორედ გ. ხ–ე დაუკავშირდა გ. კ–ს. ამასთან, მოცემულ საქმეზე დაკითხული სხვა არცერთი პირი არ ადასტურებს, რომ გ. კ–სათვის თანხის გამოძალვაში მონაწილეობდა გ. ხ–ე.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამასთან, დეტალურად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც გ. ხ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ბრალად წარდგენილ ქმედებებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ ყველა არგუმენტს (რომელთა თაობაზეც სახელმწიფო ბრალმდებელი ასევე უთითებს საკასაციო საჩივარში), გასცა დეტალური და ამომწურავი პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ცაცუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი