Facebook Twitter

¹ას-916-1199-09 14 იანვარი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ოვი (მოპასუხე)

დავის საგანი _ ვალის დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. გ-იამ სარჩელი აღძრა მ. ბ-ოვის მიმართ ვალის დაბრუნების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1990 წელს მ. ბ-ოვმა მ. გ-იას აწ გარდაცვლილ მეუღლე ტ. შ-ძეს სთხოვა 15 ათასი მანეთი, რომელიც ესაჭიროებოდა შვილის ქორწილისათვის. ისინი შეთანხმდენენ, რომ თუკი ფულს ვერ ასესხებდა, მაშინ იაფად მიჰყიდდა ტუფის ქვის ფილებს. ტ. შ-ძემ მ. ბ-ოვისაგან შეიძინა 15 ათასი მანეთის ღირებულების ტუფის ქვის ფილები. ამის შემდეგ მ. ბ-ოვი საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მისმა ძმამ ს. ბ-ოვმა აღნიშნული ფილები თავად წაიღო სახლში. თ. შ-ძის ოჯახს არც ფული დაუბრუნეს და არც ტუფის ქვის ფილები.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-იას სარჩელი მ. ბ-ოვის მიმართ ვალის - 8500 აშშ დოლარის ეკვივალნეტი თანხის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-იამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მ. გ-იას წარმომადგენელ ნ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. გ-იას წარმომადგენელმა ნ. ა-შვილმა. მან მიუთითა, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 1 დღის დაგვიანებით. მ. გ-იას სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით გათვალისწინებული 14 სამუშაო დღის ვადაში, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. გ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

დადგენილია, რომ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების ასლი მ. გ-იას ჩაჰბარდა 2009 წლის 8 ივლისს. მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 23 ივლისს. განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2009 წლის 22 ივლისს, ე.ი. სააპელაციო საჩივარი შეტანილია 1 დღის დაგვიანებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ მხარე კანონით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას), იგი კარგავს ამ უფლებას, ანუ ეს უფლება ქარწყლდება და გადაწყვეტილება (განჩინება) შედის კანონიერ ძალაში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ. გ-იამ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ შეიტანა, მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14 - დღიანი ვადის გასვლით, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.