ას-916-863-2010 18 ოქტომბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ნ. წ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. ფ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ფ-ძემ მოპასუხე ნ. წ-იას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 27 აპრილს თ. ფ-ძესა და ნ. წ-იას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ნ. წ-იას ასესხა 2 000 აშშ დოლარი 2 თვით, თვეში 10%-ის დარიცხვით. ორი თვის სარგებლის გადახდის შემდეგ მოპასუხემ განაცხადა, რომ არ შეეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ იქნა ახალი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ. წ-იას 2 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად ერთი წლის განმავლობაში, თვეში ვალის ძირითადი თანხიდან 200 აშშ დოლარის გადახდით, დათქმული სარგებლის გარეშე, მაგრამ 500 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდით. მოსარჩელის მითითებით, ნ. წ-იამ გადაიხადა პირგასამტეხლო 500 აშშ დოლარი, ძირითადი თანხიდან _ 200 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მოითხოვა დარჩენილი თანხის დაკისრება (ტ.1, ს.ფ. 1-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ფ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ. წ-იას დაეკისრა 1800 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2009 წლის 27 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელშიც 2009 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებით შეტანილი იქნა ცვლილებები და რომლის საფუძველზე ნ. წ-იას სესხის სახით გადაეცა 2 000 აშშ დოლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. წ-იას მიერ გადახდილი იყო სესხის სახით მიღებული ძირითადი თანხის ნაწილი _ 700 აშშ დოლარი და დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა ძირითად თანხას _ 1 300 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს _ 500 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ. 65-69).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. წ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის 2009 წლის 11 ივლისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო _ 500 აშშ დოლარი უკანონოდ იყო განსაზღვრული, ვინაიდან ვალის დაფარვის დრო ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი. სააპელაციო საჩივარში აპელანტი ასევე შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო (ტ.1, ს.ფ. 74-82).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით ნ. წ-იას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობა. ნ. წ-იას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ტ.2, ს.ფ. 2-4).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ნ. წ-იამ და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი გადახდის გადავადება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აპელანტი მიუთითებდა, რომ ვერ წარმოადგენდა უმუშევრობისა და ოჯახის შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტს. აპელანტმა წარადგინა საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ნ. წ-იას ოჯახი განიცდის ეკონომიურ გაჭირვებას (ტ.2, ს.ფ. 7-8).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით აპელანტის შუადგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღით (ტ.2, ს.ფ. 10-12).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განჩინებით ნ. წ-იას სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. წ-იას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით და განემარტა, რომ, თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განჩინების ასლი ჩაჰბარდა აპელანტის ოჯახის წევრს 2010 წლის 28 ივნისს. ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2010 წლის 5 ივლისს, ხოლო ხარვეზი არ იქნა შევსებული დადგენილ ვადაში (ტ.2, ს.ფ. 16-18).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. წ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო ხარვეზის შევსება საჭირო თანხის უქონლობის გამო, რასაც მოჰყვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, განჩინებაში საუბარია მხოლოდ ხარვეზის შეუვსებლობაზე და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რატომ არ წარმოადგენს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ქონებრივი მდგომარეობის შესახებ უტყუარ მტკიცებულებას (ტ.2, ს.ფ. 25-26).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. წ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით ნ. წ-იას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ნ. წ-იას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ ასევე არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით. ნ. წ-იას დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და ამავე ვადაში არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება იძლეოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების საფუძველს. სამოქალაქო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა კონკრეტულ ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან გადავადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლების საფუძველზე. სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მისი ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარისა და წევრის ახნა-განმარტება. აღნიშნული პირები ვერ მიიჩნევიან უფლებამოსილ პირებად, რომლებიც კერძო საჩივრის ავტორის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანის მდგომარეობით არ არსებობდა ნ. წ-იას სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს ნ. წ-იას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. წ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.