ას-917-864-2010 19 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-შვილის სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე სს “... ბანკს “ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 70 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს საჩივარში ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2010 წლის 29 ოქტომბერს ნ. ბ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა წარმოადგინოს ცნობა მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
საკასაციო პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნ. ბ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
2010 წლის 18 ნოემბერს ნ. ბ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ბ-შვილის შუამდგომლობა ხარვეზი შევსების საპროცესო ვადისGგაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე მხარემ, რომელიც შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაამტკიცოს, რომ მას მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო არა აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მტკიცებულებები კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.