ას-919-866-2010 8 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. წ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ფ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. წ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ფ-შვილის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, ზიანის ანაზღაურების _ სულ 8712 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის იანვარში მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 1500 აშშ დოლარი თვეში 10% სარგებლის დარიცხვით. ნ.ფ-შვილმა სესხი შეთანხმებულ დროს არ დააბრუნა.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ 1100 აშშ დოლარის ოდენობით ცნო, დანარჩენ ნაწილში მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. წ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ფ-შვილს დაეკისრა დ. წ-ძის სასარგებლოდ 1100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 2007 წლის 16 მარტიდან დავალიანების დაფარვამდე ყოველთვიურად 1100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 2%-ის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. წ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 აგვისტოს განჩინებით დ. წ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა მხარის მოთხოვნით მას რამდენჯერმე გაუგრძელდა და საბოლოოდ პალატის 2010 წლის 16 ივლისის განჩინება დ. წ-ძეს 2010 წლის 22 ივლისს პირადად ჩაბარდა, თუმცა აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. წ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, დამატებითი თანხის გადახდის უფლებამოსილება კი აპელანტის წარმომადგენელ ა. ბ-ელს არ გააჩნდა. მან იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ გაიზიარა. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და დ.წ-ძის სააპელაციო საჩივარი არსებითად იქნეს განხილული, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. წ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ დ. წ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რის გამოსასწორებლადაც მხარეს ორჯერ _ თავად დ.წ-ძისა და შემდეგ მის წარმომადგენელ ა.ბ-ელის შუამდგომლობით უშედეგოდ გაუგრძელდა ვადა. სამივე სასამართლო განჩინება ხარვეზის გამოსწორების შესახებ დ. წ-ძეს პირადად ჩაბარდა, მათ შორის, სააპელაციო პალატის 2010 წლის 16 ივლისის განჩინება ხარვეზის შესავსებად ვადის დამატებით 10 დღით გაგრძელების თაობაზე აპელანტმა მიიღო ამავე წლის 22 ივლისს, თუმცა ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მან 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, რადგან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით დ.წ-ძის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. წ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 აგვისტოს განჩინება დარჩა უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.