ას-924-1131-08 8 აპრილი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ჯ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. ა-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მხარეთა, ტ. ა-ძისა და ვ. ჯ-ძის, მორიგების გამო. ტ. ა-ძემ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ვ.ჯ-ძეს 2006 წლის 14 ნოემბერს გადასცა 10 000 აშშ დოლარი. ვ. ჯ-ძემ კვლავ აღძრა სარჩელი ტ.ჯ-ძის მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ძის სარჩელი ტ. ა-ძის მიმართ დანაშაულით მიყენებული ანაცდენი ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 12600 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა თბილისში, ... 15ა კორპუსის ¹14-ში მდებარე ტ. ა-ძის კუთვნილ ბინას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ვ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჯ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
2008 წლის 12 ნოემბერს ვ. ჯ-ძემ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა ტ. ა-ძის გარდაცვალების მოწმობა და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ. ჯ-ძის კერძო საჩივრის განხილვა შეჩერდა ტ. ა-ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2009 წლის 25 დეკემბერს საკასაციო სასამართლოში დანიშნულ იქნა სასამართლო სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ვ. ჯ-ძის კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების საკითხი. აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა კერძო საჩივრის ავტორი, რომელსაც მიეცა ვადა 2010 წლის 15 იანვრამდე ტ. ა-ძის უფლებამონაცვლის ვინაობის დასადგენად და სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულების წარმოსადგენად, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია თავისი მოსაზრება და არც რაიმე დოკუმენტი უფლებამონაცვლის ვინაობის თაობაზე. 2010 წლის 22 იანვარს კვლავ ჩაინიშნა სხდომა, რომლის შესახებაც ვ. ჯ-ძეს ეცნობა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ იგი არ გამოცხადდა.
სსსკ-ის 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების ვადა ამოიწურა, ვ. ჯ-ძის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ეცნობებინა სასამართლოსათვის ტ. ა-ძის უფლებამონაცვლის ვინაობა და წარმოედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2010 წლის 15 თებერვალს ვ.ჯ-ძემ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს, სადაც აღინიშნა, რომ ტ. ა-ძეს არ ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები, ტ. ა-ძეს ჰყავდა და-ძმა, რომელთანაც გარდაცვალების დროს ცხოვრობდა. ვ.ჯ-ძის განცხადებით მისთვის უცნობია მოპასუხეს შედგენილი ჰქონდა თუ არა ანდერძი და შეუდგა თუ არა ვინმე სამკვიდროს ფლობას.
უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით უზენაეს სასამართლოში 2010 წლის 5 მარტს დაინიშნა სასამართლო სხდომა. უწყებები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ვ.ჯ-ძეს, ასევე მოპასუხის და-ძმას ვ.ჯ-ძის მიერ მითითებულ მისამართებზე, მაგრამ მათ უწყებები ვერ ჩაბარდა, რადგან მითითებულ მისამართებზე ისინი არ ცხოვრობენ. ხოლო ვ.ჯ-ძეს უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.
საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად კი მამკვიდრებლის კრედიტორებს ექვსი თვის განმავლობაში შეუძლიათ წარუდგინონ მოთხოვნა იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოში ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა სიკვდილის მომენტისათვის მოპასუხეს ქონებრივი უფლებები და ასევე ვერ დაგვისახელა ის პირები, რომლებზეც გადავიდა ეს უფლებები. აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს,M რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასახელოს მოპასუხე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ქონებრივი უფლებების არსებობა და ამ უფლებების გადასვლა სხვა პირებზე, მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილებები და შეწყდეს საქმის წარმოება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.