ას-924-871-2010 8 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. ჰ. ფ. ბ-ეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ჰ. ფ. ბ-ეტმა სარჩელი აღძრა მ. კ-შვილის მიმართ მეუღლეთა ქონების გაყოფასთან ერთად მათი საერთო ვალების გაყოფისა და მეუღლეთა თანასაკუთრებიდან 130 804 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს დავა მათი განქორწინების თაობაზე. მოსარჩელემ ქორწინების პერიოდში აიღო კრედიტი 130804 აშშ დოლარის ოდენობით, რისი გადახდაც უნდა მოხდეს მეუღლეთა თანასაკუთრებიდან.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობის მოტივით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ.ბ-ეტის სარჩელი, მისი გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა მოსარჩელემ. ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე ჯ. ბ-ეტმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სახელმწიფი ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ და ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით განესაზღვრა 10 დღის ვადა. 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით აღნიშნული ვადა გაგრძელდა ჯერ 10 დღით იმ საფუძვლით, რომ კვლავ არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ, ხოლო 2010 წლის 24 მაისის განჩინებით _ 5 დღით.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელ თ. გ-იას ჩაბარდა 2010 წლის 15 ივლისს. შესაბამისად, პალატამ ხარვეზის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, აპელანტისათვის ჩაბარებულად მიიჩნია. სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს 2010 წლის 30 ივლისისათვის ხარვეზი არ გამოუსწორებია. 2010 წლის 20 ივლისს თ. გ-იამ კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა 2010 წლის 20 ივლისის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებასათან დაკავშირებით, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორს არ მიუთითებია გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელ ახალ გარემოებებზე, არ წარმოუდგენია რაიმე სახის დამატებითი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც სასამართლო შესძლებდა, ემსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობაზე, ამდენად, შუამდგომლობა მოთხოვნის შესაბამისი არგუმენტაციით მოტივირებული არ არის, რის გამოც დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა 2010 წლის 15 ივლისს და იგი უნდა გამოსწორებულიყო 5 დღის ვადაში _ 2010 წლის 20 ივლისის ჩათვლით. დასახელებული ვადა უშედეგოდ გავიდა და აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჯ. ჰ. ფ. ბ-ეტის წარმომადგენელმა თ.გ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროპის სასამართლოს პრაქტიკა. საქმეზე “მრეტები საქართველოს წინააღმდეგ” სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა მხარისათვის საქმის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა გახდეს. მით უფრო, რომ ჯ.ბ-ეტმა პირველი ინსტანციის სასამართლში უკვე გადაიხადა 3000 ლარი. პალატამ არასწორად არ გაიზიარა მხარის მითითება, რომ ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აპელანტი მოწინააღმდეგე მხარეს ყოველთვიურად უხდის 400 ევროს, მათ შვილს კი _ 250 ევროს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლო უმცირებს მხარეებს სახელმწიფო ბაჟის ოდენობას, რაც ბადებს ეჭვს, რომ სააპელაციო პალატა შეეცადა უცხო ქვეყნის მოქალაქის დისკრიმინაციის ხარჯზე შეევსო სახელმწიფო ბიუჯეტი. ჯ.ბ-ეტის სააპელაციო საჩივრის განხილვა მნიშვნელოვანია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უკანონოდ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა ჯ.ბ-ეტის კანონიერი უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ჰ. ფ. ბ-ეტის წარმომადგენელ თ.გ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ ჯ.ბ-ეტს ოთხჯერ განესაზღვრა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად _ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, რა დროსაც აპელანტი ითხოვდა ფინანსური სირთულეების გამო სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას. საბოლოოდ ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2010 წლის 15 ივლისს ჩაბარდა მის წარმომადგენელ თ.გ-იას, რაც სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიიჩნია გზავნილის თავად მხარისათვისაც ჩაბარებულად და აღნიშნული გარემოება არც კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.
ამდენად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 16 ივლისიდან და ამოიწურა ამავე წლის 20 ივლისს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინება აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილშიც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებისა თუ გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში ჯ.ბ-ეტმა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს ჯ.ბ-ეტის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების თაობაზე, რადგან სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა შეამოწმა მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, კანონიერად დაუდგინა ხარვეზი და მისი გამოუსწორებლობისას დატოვა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ჰ. ფ. ბ-ეტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.