Facebook Twitter

ას-928-875-2010 29 ნოემბერი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ო.” (წარმომადგენელი ა. კ-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. რ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 12 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს “ო.-მ” მოპასუხე ი. რ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 7 239.81 ლარის დაკისრება, აგრეთვე, დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით ი. რ-შვილის კუთვნილი ავტომანქანის აუქციონზე რეალიზაცია (ს.ფ. 1-11).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ო.-ს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. რ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 773.11 ლარის გადახდა, მასვე შპს “ო.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს “ო.-ს” მიერ შეკეთებული ავტომანქანა ექსპლუატაციისათვის უვარგისი იყო. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ი. რ-შვილმა ნაწილობრივ, კერძოდ, 773.11 ლარის ნაწილების გამოცვლის ნაწილში სარჩელი ცნო, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად ეს თანხა უნდა დაკისრებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, 131-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი; ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას (ს.ფ. 293-297).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ო.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ს.ფ. 302-312).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს “ო.-ს” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას დაადგინა, რომ გასაჩივრებული 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება შპს “ო.-ს” სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2010 წლის 24 ივნისს. შპს “ო.-მ” სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაზე წარადგინა 2010 წლის 9 ივლისს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ო.-ს” სადავო გადაწყვეტილება შეეძლო გაესაჩივრებინა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, 2010 წლის 24 ივნისიდან 14 დღის ვადაში _ 2010 წლის 8 ივლისის ჩათვლით. რამდენადაც მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა დასახელებული ვადის დარღვევით _ 2010 წლის 9 ივლისს, იგი, როგორც დაუშვებელი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 316-317).

სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ო.-მ” (წარმომადგენელი ა. კ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება შპს “ო.-ს” წარმომადგენელმა გაასაჩივრა 2010 წლის 8 ივლისს. ამ დღეს, დაახლოებით საღამოს 17 საათზე, მან ხელმოწერილი საჩივარი ჩააბარა კურიერს _ შპს “მოტო კურიერს”. ეს გარემოება დასტურდება კურიერის მიერ წარდგენილი საფოსტო გზავნილით. დასახელებული დოკუმენტით ირკვევა, რომ კურიერმა გზავნილი ჩაიბარა 2010 წლის 8 ივლისს. გამგზავნად მითითებულია MGB. ეს არის იმ იურიდიული ფირმის (სპს “მ-შვილი, გ-იანი, ბ-ური”) ინგლისურენოვანი აბრევიატურა, რომლის პარტნიორსაც და ერთ-ერთ დირექტორსაც წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის ავტორი. საფოსტო გზავნილში ადრესატად მითითებულია საქალაქო სასამართლო. აქვე არის სასამართლოს მისამართიც. იმის გამო, რომ კურიერმა მხარის გზავნილი (სააპელაციო საჩივარი) ჩაიბარა საღამოს, მან მეორე დილით, 2010 წლის 9 ივლისს, სააპელაციო საჩივარი ჩააბარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმღებ სპეციალისტ ლაშა რეკვავას. საფოსტო გზავნილში მითითებულია ლ. რ-ავას სახელი და გვარი, დასმულია მისი ხელმოწერა და თარიღი _ 2010 წლის 9 ივლისი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ სააპელაციო საჩივარი მათ კურიერს ჩააბარეს 2010 წლის 8 ივლისს. ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი ვადაში წარდგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც მის განუხილველად დატოვებას თავისთავად გამორიცხავს (ს.ფ. 320-321).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ო.-ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო შპს “ო.-ს” მიერ სააპელაციო საჩივრის კანონითY დადგენილ ვადაში წარუდგენლობა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლის დასაწყისად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის აპელანტისათვის ჩაბარების მომდევნო დღე _ 2010 წლის 25 ივნისი, ხოლო ამ ვადის დასრულების დღედ _ 2010 წლის 8 ივლისი. სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 2010 წლის 9 ივლისს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით.

კერძო საჩივრით შპს “ო.” სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის შეტანის ზემომითითებულ თარიღს, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სააპელაციო საჩივრის კურიერის მეშვეობით კანონით დადგენილ ვადაში გაგზავნას. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის სწრაფი საკურიერო მომსახურების - “მოტო კურიერის” ქვითარი, აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიმღები სპეციალისტის 9.07.2010წ. ¹ბ16442 სარეგისტრაციო ბარათი (ს.ფ. 322-323).

საკასაციო სასამართლო ზემოთ დასახელებულ მტკიცებულებებს ვერ მიიჩნევს შპს “ო.-ს” მიერ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის დამადასტურებელ მტკიცებულებებად.

კერძო საჩივარზე თანდართულ სწრაფი საკურიერო მომსახურების ქვითარზე, მართალია, შპს “ო.-ს” მიერ გზავნილის ჩაბარების დღედ მითითებულია 2010 წლის 8 ივლისი, მაგრამ ეს ქვითარი არ შეიცავს შპს “ო.-ს” მიერ აღნიშნული ორგანიზაციისათვის ჩაბარებული კორესპონდენციის დასახელებას. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გაირკვეს, აპელანტის მიერ გაგზავნილი რომელი კონკრეტული კორესპონდენციის კურიერისათვის ჩაბარებას ადასტურებს დასახელებული ქვითარი.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიმღები სპეციალისტის 9.07.2010წ. ¹ბ16442 სარეგისტრაციო ბარათს, ამ ბარათში შპს “ო.-ს” მიერ კორესპონდენციის (სააპელაციო საჩივარი) საქალაქო სასამართლოსათვის ჩაბარების დღედ მითითებულია 2010 წლის 9 ივლისი, სწორედ ის თარიღი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის თარიღად მიიჩნია. აღნიშნული ბარათით არ ირკვევა, რომ 2010 წლის 9 ივლისს სასამართლოს კანცელარიისათვის ჩაბარებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგენს სწორედ იმ გზავნილს (კორესპონდენციას), რომელიც შპს “ო.-მ” 2010 წლის 8 ივლისს ჩააბარა სწრაფი საკურიერო მომსახურების ორგანიზაციას - “მოტო კურიერს”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე უტყუარად არ დასტურდება შპს “ო.-ს” მიერ ფოსტისათვის სააპელაციო საჩივრის 2010 წლის 8 ივლისს ჩაბარების ფაქტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შპს “ო.-მ” გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს შპს “ო.-ს” კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ო.-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.