ას-935-882-2010 11 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. დ-შვილი, ქ. მ-შვილი, ლ. გ-ძე, ლ. შ-შვილი, ი. ხ-ია, ლ. ს-შვილი, თ. მ-ძე, ნ. ც-ძე, ლ. ფ-ია
წარმომადგენელი _ მ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ა-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ი. დ-შვილის, ქ. მ-შვილის, ლ. გ-ძის, ლ. შ-შვილის, ი. ხ-იას, ლ. ს-შვილის, თ. მ-ძის, ნ. ც-ძისა და ლ. ფ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და ი. დ-შვილის, ქ. მ-შვილის, ლ. გ-ძის, ლ. შ-შვილის, ი. ხ-იას, ლ. ს-შვილის, თ. მ-ძის, ნ. ც-ძისა და ლ. ფ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს “... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” 2007 წლის 25 სექტემბრის ¹051-2207 გადაწყვეტილება გაუქმდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა შესაბამისი ცვლილების განხორციელება; შპს “... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” 2007 წლის 25 სექტემბრის ¹051-2207 გადაწყვეტილების საფუძველზე მ. ო-ძის, ზ. ხ-ურის, დ. კ-შვილის, თ. ც-ძის, ბ. ჭ-ძისა და მ. მ-შვილის სახელზე ქ.თბილისში, ... ქუჩასა და ... გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით მდებარე კორპუსის ¹112, 113, 119, 120, 121, 123, 124, 126, 128, 129 ბინების საკუთრებად აღრიცხვის შესახებ ჩანაწერი გაუქმდა და აღდგენილ იქნა ამ ჩანაწერის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობა.
2010 წლის 26 თებერვალს ხ. ა-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, 2007 წლის 4 ოქტომბრიდან იგი წარმოადგენს ქ.თბილისში, ... ქუჩასა და ... გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით მდებარე კორპუსის ¹123 ბინის მესაკუთრეს და აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე ხ.ა-შვილი კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ ყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით ხ. ა-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება ქ.თბილისში, ... ქუჩასა და .......... გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით მდებარე კორპუსის ¹123 ბინაზე შპს “... მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერის გაუქმების, პირვანდელი (ამ ჩანაწერის განხორციელებამდე არსებული) მდგომარეობის აღდგენისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის შესაბამისი ცვლილების განხორციელების დავალების ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ხ. ა-შვილისათვის აღნიშნული დავის შესახებ ცნობილი გახდა მ. მ-შვილის 2010 წლის 8 თებერვლის წერილით, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ვადა დაცულია.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ... ქუჩასა და ... გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით მდებარე კორპუსის ¹123 ბინის მესაკუთრედ 2007 წლის 4 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღრიცხულია ხ. ა-შვილი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 გადაწყვეტილების მხარედ საქმეში ჩაბმული არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ხ. ა-შვილის მითითება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. აღნიშნული გარემოება განმცხადებელს აქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცესუალურ სუბიექტებად, რადგან სადავო შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განიკარგა ხ. ა-შვილის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარეთა არგუმენტი, რომ ხ. ა-შვილისათვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობა ცნობილი იყო დავის განხილვის პერიოდშიც, ვინაიდან საქმის მასალებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული გარემოება არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. დ-შვილის, ქ. მ-შვილის, ლ. გ-ძის, ლ. შ-შვილის, ი. ხ-იას, ლ. ს-შვილის, თ. მ-ძის, ნ. ც-ძისა და ლ. ფ-იას წარმომადგენელმა მ. ს-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ხ. ა-შვილის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხ. ა-შვილისათვის დავის არსებითად მიმდინარეობისას სადავო ¹123 ბინასთან დაკავშირებული სასამართლოს საქმის წარმოების თაობაზე ცნობილი არ ყოფილა და დავის არსებობა მხარემ მხოლოდ მ.მ-შვილის 2010 წლის 8 თებერვლის წერილით შეიტყო. სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ ხ.ა-შვილმა სადავო ბინა შეიძინა მოცემული არსებითი დავის დაწყების პერიოდში და არ იმსჯელა ნაკლებად დამაჯერებელ გარემოებაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის ინფორმაციის წერილობითი ფორმით მიღების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ხ.ა-შვილმა შეიძინა ¹123 და ¹124 ბინები და ამჟამად, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ¹123 ბინა გაერთიანდა სხვა ფართთან და დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს.
განმცხადებელს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნისას არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა ხ.ა-შვილს 2007 წლის ოქტომბერშივე უარი უთხრა ¹124 ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რაც დასტურდება კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი 2007 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებითა და საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით. ამდენად, განმცხადებლისათვის ცნობილი იყო ¹124 ბინის საკუთარ სახელზე აღრიცხვის დამაბრკოლებელი გარემოებანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხ. ა-შვილისათვის ცნობილი იყო ¹124 ბინასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის თაობაზე და ასევე უნდა სცოდნოდა ¹123 ბინის ირგვლივ არსებული დავის შესახებ, რაზეც შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის დავის განხილვის დროს. მითითებულის საწინააღმდეგოდ ხ.ა-შვილი დაელოდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას და არახელსაყრელი შედეგის დადგომის შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მეორე ნაწილისათვის უკანონოდ გვერდის ავლით განცხადებით მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. დ-შვილის, ქ. მ-შვილის, ლ. გ-ძის, ლ. შ-შვილის, ი. ხ-იას, ლ. ს-შვილის, თ. მ-ძის, ნ. ც-ძისა და ლ. ფ-იას წარმომადგენელ მ. ს-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა და კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ იყო პირი, რომლის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზეც აღნიშნული გადაწყვეტილება ზეგავლენას მოახდენდა.
ამასთან, კანონმდებელი ითვალისწინებს გარკვეულ დათქმას, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ზემოხსენებული წანამძღვრების არსებობისას ბათილად იქნება ცნობილი, თუ საქმის წარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის საქმის არსებითად განხილვისას ობიექტურად არ იყო ცნობილი.
აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების კანონიერებაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია მითითებული გარემოების სწორად გამოკვლევა-დადგენა, რაც სააპელაციო პალატას სათანადოდ არ განუხორციელებია.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერი და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელთა მიხედვით ხ. ა-შვილმა 2007 წლის 4 ოქტომბერს შეიძინა ქ.თბილისში, ... ქუჩასა და ... გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით მდებარე კორპუსის ¹123 და ¹124 ბინები. ხსენებული ¹123 ბინა აღირიცხა ხ.ა-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით, ხოლო საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ¹124 ბინის მესაკუთრედ რეგისტრაციაზე ხ. ა-შვილს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით უძრავ ნივთზე ყადაღის დადების მოტივით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და ნიშანდობლივად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხ.ა-შვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას აფუძნებს მხოლოდ ¹123 ბინასთან მიმართებით თავისი კანონიერი ინტერესების შელახვას, რა დროსაც არც კი ახსენებს მის მიერ შეძენილ ¹124 ბინას, რომელზეც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება სწორედ სასამართლოში მიმდინარე დავის გამო ვერ დაარეგისტრირა.
ზემოხსენებულის შესაბამისად, 2007 წლის 10 ოქტომბრის ხ.ა-შვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო განჩინების საფუძველზე ¹124 ბინას დაედო ყადაღა და აღნიშნულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რის შედეგად მას სრული უფლება და შესაძლებლობა გააჩნდა, დაუბრკოლებლივ გაერკვია დავის შინაარსი. მითითებული უფლების რეალიზაცია კი ხ.ა-შვილს არ მოუხდენია.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი გადადის ხ. ა-შვილზე და განმცხადებელი ვალდებულია ამტკიცოს, რომ მისათვის სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი საქმის არსებითად განხილვის დროს ცნობილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეაფასოს განჩინების კვლევით ნაწილში მითითებული მტკიცებულებები და იმსჯელოს, სასამართლოში მოცემული საქმის არსებითად განხილვის დროს ხ. ა-შვილისათვის ცნობილი იყო თუ არა სადავო ¹123 ბინასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის თაობაზე და შეეძლო თუ არა მას წარმოდგენილი პრეტენზიით სასამართლოსათვის საქმის განხილვის დასრულებამდეც მიემართა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. დ-შვილის, ქ. მ-შვილის, ლ. გ-ძის, ლ. შ-შვილის, ი. ხ-იას, ლ. ს-შვილის, თ. მ-ძის, ნ. ც-ძისა და ლ. ფ-იას წარმომადგენელ მ. ს-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.