Facebook Twitter

ბს-1241-1055-კ-04 4 მარტი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია (მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 4 სექტემბერს ც. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს ზ. მ-ისა და თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 22 აგვისტოს ზ. მ-ის სახელზე გაცემული უძრავი ქონების (მიწის) ¹893 და ¹895 სარეგისტრაციო მოწმობების ბათილად ცნობა მოითხოვა შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე თერჯოლის რაიონის სოფ. ... 0,9 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობდა. აღნიშნულ ნაკვეთთან მისასვლელად 3 მეტრი სიგანისა და 200 მეტრი სიგრძის საუბნო გზაზე გადიოდა, რომლის სარგებლობის საშუალებასაც მეზობელი ზ. მ-ე აღარ აძლევდა.

2002წ. 29 მარტს სოფ. ... საკრებულოს გადაწყვეტილებით ზ. მ-ეს 10 დღის ვადაში ზემოაღნიშნული გზის გახსნა დაევალა, რომელიც ამ უკანასკნელმა არ შეასრულა და სადავო გზაზე ერთწლიანი კულტურები დათესა, საიდანაც მოსავალს იღებდა. 2002წ. 22 აგვისტოს კი მიწის მართვის სამმართველომ სადავო მიწის ფართი ზ. მ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების სარეგისტრაციო მოწმობაში შეიტანა. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მიწის მართვის სამმართველომ უარი განაცხადა მიწის სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილებების შეტანაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზ. მ-ეზე საკუთრების მოწმობის გაცემისას დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 16 მაისის ¹327 ბრძანებულება, რომლის შესაბამისად პირს უნდა ჰქონდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, სოფლის ყრილობის მიერ დამტკიცებული მიწის განაწილების სია, რომელსაც თან ერთვის მიწის გამოყოფის გეგმა, ასევე, საგადასახადო სია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. ამასთან, დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნები. თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული სასამართლოს მოსამართლემ თვითაცილება განაცხადა და ვინაიდან მეორე მოსამართლე შვებულებაში იმყოფებდა, საქმის შემდგომი წარმოების მიზნით სარჩელი ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 29 სექტემბრის მიმართვის საფუძველზე აღნიშნული სასარჩელო განცხადება ტყიბულის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა, რომელმაც 2003წ. 30 სექტემბრის განჩინებით სარჩელი ხარვეზით დატოვა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის განჩინებით ც. ქ-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და შეჩერდა თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 22 აგვისტოს ზ. მ-ის სახელზე გაცემული ¹893 და ¹895 მიწის სარეგისტრაციო მოწმობების მოქმედება.

მოგვიანებით, ც. ქ-ემ განცხადებით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს, გადაკეტილი გზის გახსნა და თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიერ ზ. მ-ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის მოქმედების შეჩერება მოითხოვა, რათა საშუალება ჰქონოდა მისი საკარმიდამო ნაკვეთიდან ყურძენი გაეტანა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ოქტომბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე ც. ქ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მასვე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული 10 ოქტომბრის განჩინებით ესარგებლა, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ ამ განჩინების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლისთვის მიემართა თერჯოლის რაიონში.

ზ. მ-ემ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 და 23 ოქტომბრის განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანა და მათი გაუქმება მოითხოვა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 ნოემბრის განჩინებით ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 დეკემბრის განჩინებით ზ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის განჩინება ზ. მ-ის სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების შეჩერების ნაწილში და ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ოქტომბრის განჩინება.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ქ-ის სარჩელი მოპასუხეთა ზ. მ-ისა და თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 22 აგვისტოს ზ. მ-ეზე გაცემული უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ¹893 და ¹895 სარეგისტრაციო მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ც. ქ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 22 აგვისტოს ზ. მ-ის სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება. ც. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 22 აგვისტოს ზ. მ-ეზე გაცემული უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ¹893 სარეგისტრაციო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთის, 58,7X0,16X0,87 მეტრის მიკუთვნების ნაწილში და მიწის სარეგისტრაციო მოწმობა ¹895 მიწის ნაკვეთის, 141,3X2,84X2,13 მეტრის, მიკუთვნების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მოწმობაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისას დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 16 მაისის ¹327 ბრძანებულების მოთხოვნები, კერძოდ, მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა სადავო ნაკვეთზე უნდა გაცემულიყო იმ შემთხვევაში თუ ზ. მ-ეს ექნებოდა: 1. მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; 2. დამტკიცებული მიწის გამოყოფის გეგმა; 3. საგადასახადო სია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არც ერთი მოთხოვნა კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ, ვინაიდან სადავო გზა ქ-ის საკუთრება არ იყო, ამდენად მის ინტერესებში არ შედიოდა. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ გზის გადაკეტვისას ც. ქ-ეს საკუთარ ნაკვეთში მისასვლელი გზით სარგებლობის უფლება შეეზღუდა, კერძოდ, შეუძლებელი გახდა იქ ტექნიკის ჩაყვანა დასამუშავებლად და მოწეული მოსავლის გამოსატანად. მას მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა დარჩა, საცალფეხო ბილიკის სახით, ღელის გაყოლებით, რომელიც სრულფასოვან გზად ვერ ჩაითვლებოდა.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ გზის გადაკეტვით, ზ. ქ-ის ინტერესებს არანაირი ზიანი არ ადგებოდა, რადგან სკ-ის 180-ე და 247-ე მუხლებით, გზის მესაკუთრედ ზ. მ-ე დარჩებოდა, სავალდებულო გზა მას მაინც გარანტირებული ექნებოდა. სკ-ის 180-ე მუხლი ასეთ შემთხვევაში ასევე ითვალისწინებს შესაბამისი კომპენსაციის გადახდას მიწის მესაკუთრისათვის, ანუ თუ ზ. მ-ეს დარჩებოდა საერთო სარგებლობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებიდან უკანონოდ გადაცემული სადავო მიწის ნაკვეთი (სადავო გზა), ც. ქ-ეს გზით სარგებლობისათვის უნდა ეხადა კომპენსაცია. ამდენად, იმის მტკიცება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ზ. მ-ის საკუთრების უფლებით ც. ქ-ის სარგებლობის უფლება არ ირღვეოდა, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. მ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოითხოვა მისი გაუქმება და ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სოფ. საუბნო გზის არსებობა შესაბამისად კომპეტენტურმა ორგანომ უნდა დაადასტუროს და არა რომელიმე მოწმემ ან სოფლის საკრებულომ. ეს კომპეტენტური ორგანო კი, კასატორის აზრით, თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოა, რომელმაც სადავო ტერიტორიაზე საუბნო გზის არსებობა უარყო, რისი დასტურიც სოფ. ... სამეურნეო მიწათმოწყობის პროექტია, რომლზედაც დატანილია საუბნო გზები და რომ ყოფილიყო კასატორის საცხოვრებელი სახლის გვერდით 1-მეტრიან მონაკვეთზე საუბნო გზა, იგი ნამდვილად იქნებოდა რუკაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე მტკიცებულებად მოიშველია მიწათმომწყობ ტ. ი-ის მიერ შედგენილი საკადასტრო რუკა, რომელიც მოსარჩელეების მიერ წარდგენილ ნაჯღაბნს წარმოადგენს. ამასთან, საასამართლომ საერთოდ უგულებელყო მის შესაგებელში მითითებული მოსაზრება, რომ ტ. ი-ე ც. ქ-ის ოჯახთან დაახლოვებული პირია და მათ ინტერესებს გაითვალისწინებდა, ხოლო, რაც შეეხება მოწმეებს, სასამართლო საერთოდ არ დაინტერესებულა მათი ჩვენებების სისწორით.

კასატორი მიუთითებს, რომ მიწის მონაკვეთი, რომლის გახსნასაც მოსარჩელე ითხოვს, საცალფეხო გზაა და არა გზა, ტრანსპორტი ვერ გაივლის, რადგან მისი საცხოვრებელი სახლის კედლიდან მეზობელ რ. ჯ-ის ღობემდე 1 მეტრიც არ არის, არათუ _ სამი მეტრი.

კასატორს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე მას არანაირი შუალედური აქტი არ ესაჭიროებოდა, რადგან სადავო მიწის ნაკვეთი მის მფლობლობაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა, რომლის ფლობაც დადასტურებულია სახლის ტექნიკური პასპორტით, რომელშიც მიწის ნაკვეთის ზომებია შეტანილი, ხოლო 1992წ. რეფორმა საკარმიდამო ნაკვეთებს არ შეხებია და იგი ავტომატურად მის საკუთრებაში გადადიოდა. რაც შეეხებოდა მიღება-ჩაბარების აქტს, იგი მას არ გააჩნდა, რადგან ეს დოკუმენტი ფასიანი იყო და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, ვერ მოიპოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ საგადასახადო სია არსებობს, მაგრამ საოლქო სასამართლო საერთოდ არ დაინტერესებულა ამ საკითხით, თუმცა მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელი ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე უთითებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 22 აგვისტოს კასატორზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა, რაც გულისხმობს იმ გარემოებების დადგენას, თუ რამდენად კანონის შესაბამისად მოხდა ზ. მ-ისათვის სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემა.

კასატორის მიერ რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მის მფლობელობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა და გადაცემული ჰქონდა კანონიერი საფუძვლით, საქმეში არ არის წარმოდგენილი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ეს მიწის ნაკვეთი დავის საგანს წარმოადგენდა მხარეებს შორის და 2002 წლამდე რაიმე ფორმით კასატორისთვის არ ყოფილა გადაცემული.

საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 16 მაისის ¹327 ბრძანებულების თანახმად, მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მიწის ნაკვეთზე გაიცემოდა შემდეგი პირობების არსებობისას, კერძოდ, პირს უნდა ჰქონოდა:

ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი;

ბ) მიწის რეფორმის კომისის მიერ შედგენილი და სოფლის ყრილობაზე დამტკიცებული მიწის განაწილების სია, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა დართული მიწის გამოყოფის გეგმა;

გ) საგადასახადო სია.

აღნიშნული მოთხოვნები კასატორის მიმართ არ არის დაცული. კასატორის მოსაზრება, რომ ოჯახის ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ აიღო მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რადგან იგი ფასიანი იყო, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ეს მოთხოვნა მოწმობის გაცემის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომლის არარსებობისას დაუშვებელია საკუთრების მოწმობის გაცემა, ხოლო საკასაციო საჩივარზე თანდართული საგადასახადო სიით, რომელიც არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, არ დგინდება, რომ ამ სიაში სადავო სარეგისტრაციო მოწმობით გადაცემული მიწის ნაკვეთიც მოიაზრება, რადგან კასატორს სხვა მიწის ფართობებიც აქვს გადაცემული საკუთრებაში, წარმოდგენილ სარეგისტრაციო მოწმობებში დაფიქსირებული მიწის ფართობის ოდენობა კი არ შეესაბამება საგადასახადო სიაში მითითებული გადასახადით დასაბეგრი ნაკვეთის ფართობს.

საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე პირუტყვის გატარება მოცემული საქმის დავის საგანს არ წარმოადგენს და ამ საკითხზე ცალკე სარჩელით შეუძლია იდავოს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცველად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება;

3. ზ. მ-ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 24 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.