Facebook Twitter

ას-937-883-2010 2 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ვ-ევი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ი-ადე

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი ივლისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ი-ადემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ს. ვ-ევის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მცირეწლოვანი შვილების _ 2005 წლის 2 სექტემბერს დაბადებული თ. ვ-ევისა და 2007 წლის პირველ ივლისს დაბადებული ა. ვ-ევას სარჩენად, მის სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდის დაკისრება თითოეული შვილის სასარგებლოდ 75 ლარის, სულ 150 ლარის ოდენობით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ი-ადეს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს. ვ-ევს შვილების _ თ. ვ-ევის და ა. ვ-ევას სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულზე ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ვ-ევმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ალიმენტის შემცირება, კერძოდ, თითოეული ბავშვის სარჩენად მისთვის 25 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი ივლისის განჩინებით ს. ვ-ევის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტი ითხოვდა ყოველთვიურად გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის შემცირებას 70 (35+35) ლარით, სააპელაციო საგნის ღირებულება სსკ-ის 41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენდა 840 (70X12) ლარს, რაც კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, შესაბამისად, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ვ-ევმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ იგი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მისთვის არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ, თითოეულ ბავშვზე 15 ლარის გადახდას, ხოლო სააპელაციო საჩივარში შეცდომით მიუთითა 25 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ს. ვ-ევის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი, რაც ჩამოყალიბებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40-41-ე მუხლებში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება _ ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ს. ვ-ევი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მას არასრულწლოვანი შვილების _ თ. ვ-ევის და ა. ვ-ევას სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულზე ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანებამდე. სააპელაციო საჩივრის თანახმად, იგი ითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის, შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 25 ლარის დაკისრებას, რაც ცხადყოფს, რომ აპელანტმა სადავოდ გახადა ალიმენტის ოდენობა 70 ლარის ნაწილში, ვინაიდან ალიმენტი შემცირდა 70 ლარით, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა გამოანგარიშდეს 70 ლარის ერთ წელზე (12 თვეზე) გაანგარიშებით, რაც არ აღემატება 1000 ლარს.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე რომ, იგი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მისთვის არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ თითოეულ ბავშვზე 15 ლარის გადახდას, ხოლო სააპელაციო საჩივარში შეცდომით მიუთითა 25 ლარი, ამდენად, სსკ-ს 365-ე მუხლის საფუძველზე, საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად არ დარჩებოდა.

აღნიშნულ მოსაზრებას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით, ნებისმიერი უფლების რეალაზაცია დამოკიდებულია თვით მხარის ნებაზე. აღნიშნული დებულება გამომდინარეობს სამოქალაქო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპიდან-დისპოზიციურობის პრინციპი (სსკ-ის მე-3 მუხლი), რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი როგორც მატერიალური, ისე საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინცპიდან გამომდინარეობს მხარეთა საპროცესო უფლება თავად განსაზღვრონ დავის საგანი. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა თავადვე განსაზღვრა სააპელაციო საჩივარის დავის საგანი და, შესაბამისად ის გარემოება, რომ ის 25 ლარის ნაცვლად 15 ლარს გულისხმობდა, საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ს. ვ-ევის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 840 (70X12) ლარით, და მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო, რის გამოც არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი ივლისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ვ-ევის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი ივლისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.