¹ას-942-980-2011 20 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ქ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ტ-ძე, მ. ნ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ნივთების გატანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს აეკრძალა მ. ნ-შვილის საკუთრების სარგებლობის ხელშეშლა და მათ დაევალა კუთვნილი ნივთების გატანა მთლიანი (რეესტრში ასახული 48 კვ.მ-ისა და იმ ფაქტობრივად არსებული ფართიდან, რაც არსებობს ბინაში) ბინიდან, მდებარე, თბლისში, ..., კორპ. «ე”, ბ. 31.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ტ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე ¹2ბ/3705-10 დამტკიცდა მორიგება ზ. ტ-ძის, მ. ნ-შვილსა და ნ. ქ-იას შორის. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20110 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე შეწყდა წარმოება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-იას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები კანონითაა დადგენილი. ერთ-ერთი ასეთი წინაპირობა განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო საჩივარზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
მითითებული მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მხარის უფლებაა. ამ უფლების რეალიზაციას უკავშირდება გარკვეული იურიდიული შედეგი, კერძოდ, მხარე, რომელმაც უარი განაცხადა გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. გასაჩივრებაზე უარის თქმა დასაშვებია როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ისე მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (ტომი 2, ს.ფ. 85-86). დადგენილია ასევე, რომ მხარეებმა წერილობით მოითხოვეს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან განჩინებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურეს თავიანთი ხელმოწერებით (ტომი 2, ს.ფ. 82). ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა ნ. ქ-იამ უარი განაცხადა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე, ამიტომ მან დაკარგა უფლება გაასაჩივროს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით. ამდენად, ნ. ქ-იას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს მის მიერ გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან არ არსებობს ნ. ქ-იას კერძო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა, იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ქ-იას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი