ას-943-889-2010 1 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “...” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “...” მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს _ 28,84 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების თაობაზე, თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა 28,84 ლარს, რაც 1000 ლარს არ აღემატება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ მოცემული სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი სათანადოდ არ შეუსწავლია, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მხარეთა ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული გარიგებაა. მოპასუხის შესაგებელზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოპასუხემ ვერ შესძლო სამოქალაქო კოდექსის 351-ე მუხლით განსაზღვრული მესამე პირის უარის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა, რაც მას სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისაგან გაათავისუფლებდა.
ამდენად, მოცემული საქმე განეკუთვნება ვალდებულებით-სამართლებრივ დავათა კატეგორიას, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნა არ ვრცელდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
დასახელებული კანონის დანაწესი გარკვეულ შეზღუდვას ადგენს ქონებრივი ხასიათის ყველა დავაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის მიმართ, რაც გამოიხატება სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების ზღვრული ოდენობის დაწესებაში, კერძოდ, ხსენებული კატეგორიის დავებში სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნაა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს _ 28,84 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ განსახილველი დავა ქონებრივ-სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მითითებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებაა 28,84 ლარი, რაც კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლებია.
დაუსაბუთებელია და კანონის რაიმე დანაწესს არ ეფუძნება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მოცემული საქმე განეკუთვნება ვალდებულებით-სამართლებრივ დავათა კატეგორიას, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნა არ ვრცელდება, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვა ვრცელდება ქონებრივი სახის ყველა დავაზე და ამ მიმართებით კანონმდებელი რაიმე გამონაკლისს არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.