ას-94-84-2011 7 მარტი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ს., ა., ლ. ს-იანები (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ს. მ-იანი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ს-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. მ-იანისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 2004 წლის 16 სექტემბერს გაცემული ¹1/12/3/14/6 საჯარო რეესტრის ამიონაწერის მიხედვით, ქ.თბილისში, გლდანი-ნაძლადევის რაიონში, ... ქ. ¹12-ში მდებარე 671.4 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საერთო სასარგებლო ფართით 198,89 კვ. მ, მათ შორის, საცხოვრებელი 83.64 კვ. მ, საკუთრების უფლებით აღიცხულია ს. მ-იანის (ს-იანის) სახელზე, რაც არასწორია.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არც ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ თბილისის ლენინის სახ. რაიონის სახალხო სასამართლოს 1987 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს გამოეყოთ ფართი არა საკუთრების უფლებით, არამედ სარგებლობისათვის საბინაო კოდექსის დებულებების თანახმად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმთა კოლეგიის 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ს. ს-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა ს., ა. და ლ. ს-იანებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ს., ა. და ლ. ს-იანების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა აპელანტები დანიშნულ დროს სასამართლოში არ გამოცხადნენ. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენელ ი. ს-შვილის 2010 წლის 9 ნოემბრის განცხადება საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გონივრული ვადით. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების წარმომადგენელმა სასამართლოს აცნობა რა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე, კერძოდ, განცხადებაში სხდომის გადადების მიზეზად მიუთითა სხვა სასამართლო პროცეზე მონაწილეობა. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების წარმომადგენლის მიერ აღნიშნული საფუძვლით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან, მან სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოადგინა და მხარის გამოუცხადებლობა მიმართული იყო საქმის განხილვის გაჭიანურებისაკენ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე, 71-ე, 72-ე მუხლების, 275-ე მუხლის «გ» პუნქტის, 276-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარე ს. მ-იანის წარმომადგენლის – ი. ჭ-იას შუამდგომლობა, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ს., ა. და ლ. ს-იანების წარმომადგენელმა ი. ს-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რის შესახებაც წინასწარ აცნობა სასამართლოს, კერძოდ, განცხადებაში აღნიშნა, რომ 2010 წლის 12 ოქტომბერს იმყოფებოდა საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოებში და სხვა სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა როგორც წარმომადგენელი, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. აღნიშნული პროცესი გადაინიშნა 2010 წლის 9 ნოემბერს 16 საათისთვის, მაგრამ კვლავაც არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულის თაობაზე წარმოადგინა ცნობები. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალსწინა ეს გარემოება და სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს., ა., ლ. ს-იანების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და ს., ა., ლ. ს-იანების წარმომადგენელ ი. ს-შვილს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მას 2010 წლის 9 ნოემბერს სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის «გ» პუნქტით, რომლის შესაბამისად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვებისა. კერძო საჩივრის ავტორს სასამართლო პროცესზე თავისი გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა არ დაუდასტურებია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში.
საქმის მასალებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის თარიღის – 2010 წლის 9 ნოემბრის შესახებ აპელანტს ეცნობა 2010 წლის 27 ოქტომბერს (იხ.ტ.3, ს.ფ.54) სატელეფონო შეტყობინებით, რაზედაც შედგენილია შესაბამისი აქტი, ხოლო საქმის განხილვის გადადებაზე განცხადებით სასამართლოს მიმართა იმავე დღეს (იხ.ტ.3 ს.ფ.55). კერძო საჩივრის ავტორმა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა გამოუცხადებლობის საფუძვლებს, დაურთო კერძო საჩივარს და არა განცხადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა საქმის გადადების თაობაზე, რადგან მიაჩნია, რომ მხარის გამოუცხადებლობა მიმართული იყო საქმის განხილვის გაჭიანურებისაკენ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს., ა., ლ. ს-იანების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.