Facebook Twitter

ას-953-896-2010 9 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ელი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ც-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მ. გ-ელის მიმართ და მოითხოვა აღიარებულიყო, რომ მისი ოჯახის მიერ 1995 წელს ფაქტობრივად შეძენილია ქ. ბათუმში, ... ქ.¹59-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც დღეის მდგომარეობით მოპასუხის სახელზე ირიცხება; დავალდებულიყო მ. გ-ელი, მითითებული ბინა აღერიცხა მოსარჩელის საკუთრებად, ასევე, მოითხოვა მოპასუხისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ნ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 19 აგვისტოს დანიშნულ სასამართლო სხდომის შესახებ მხარეები კანონით დადგენილი წესითYიყვნენ გაფრთხილებულნი და ინფორმირებულნი გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ, ნ. ც-ძის მიერ, ფაქსის მეშვეობით გამოგზავნილი შუამდგომლობა, ავადმყოფობის გამო, სხდომის გადადების თაობაზე, რის დასადასტურებლადაც თან დაურთო სამედიცინო ცნობა, არ გაიზიარა და არ მიიჩნია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ც-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს ჩანიშნული სხდომის დაწყებამდე, სასამართლოს, კანონის შესაბამისად, შეატყობინა ავადმყოფობის შესახებ და იშუამდგომლა სხდომის გადადება, თუმცა აღნიშნულის დამდასტურებლად მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა სასამართლომ საპატიო მიზეზად არ მიიჩნია და მისი გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ც-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აგვისტოს განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდება.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ც-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ინფორმირებულები იყვნენ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა (ტ.II ს.ფ.237-248).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში სრულიად ასაბუთებს ნ. ც-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას.

წარმოდგენილი კერძო საჩივრით ნ. ც-ძე სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, კერძოდ ავადმყოფობას, რის დასადასტურებლადაც მის მიერ წარმოდგენილი იყო აჭარის ა/რ ქობულეთის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც ნ. ც-ძე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება _ აჭარის ა/რ ქობულეთის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმის მიერ გაცემული ცნობა, არ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობას, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. ამდენად, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი ავადმყოფობის ცნობის წარდგენას მხოლოდ მაშინ მიიჩნევს საქმის განხილვის გადადების საფუძვლად, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აჭარის ა/რ ქობულეთის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმის მიერ გაცემულ ავადმყოფობის ცნობაში სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ არის, ამასთან, ასეთი დასკვნის საფუძველს არც ცნობაში ასახული დიაგნოზი იძლევა. გარდა ამისა, ცნობას ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული მოტივი ნ. ც-ძის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, არ ექვემდებარება გაზიარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ნ. ც-ძის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა და არ მიიჩნია იგი მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ც-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აგვისტოს განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.