Facebook Twitter

ას-955-898-2010 8 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს “... ბანკი” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ვ-ია, შ. ვ-ია, თ. თ-ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “... ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ვ-იას, შ. ვ-იასა და თ. თ-იას მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი დავალიანების დაკისრებისა და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ვ-იას, შ. ვ-იასა და თ. თ-იას სოლიდარულად დაეკისრათ სს “... ბანკის” სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილის _ 2955,30 ლარის გადახდა, ასევე ერთი თვის სარგებლის _ 286,56 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 147,77 ლარის, სულ 3389,63 ლარის გადახდა, ასევე დაკმაყოფილდა სს “... ბანკის” მოთხოვნა ვალდებულების შესრულებისათვის იპოთეკით დატვირთული შ.ვ-იას კუთვნილი 0,145 ჰა მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების (244,1 კვ.მ საერთო ფართით) აუქციონზე იძულებით რეალიზაციის მოთხოვნა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სს “... ბანკმა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 სექტემბრის განჩინებით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სს “... ბანკის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული საქმის 2010 წლის 2 სექტემბერს განხილვის შესახებ აპელანტ სს “... ბანკის” წარმომადგენელ თ. ბ-უას ამავე წლის 23 აგვისტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა და განემარტა პროცესზე გამოუცხადებლობის შედეგები. აღნიშნულის მიუხედავად აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა თ.ბ-უას შუამდგომლობა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების შესახებ იმ მოტივით, რომ თ.ბ-უა 2010 წლის 2 სექტემბერს ამავე ბანკს წარმოადგენდა სენაკის რაიონულ სასამართლოში, რის გამოც ვერ გამოცხადდებოდა სააპელაციო პალატის სხდომაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სენაკის რაიონულ სასამართლოში ხსენებული დავის განხილვის თაობაზე თ.ბ-უას ეცნობა 2010 წლის 24 აგვისტოს, ანუ სააპელაციო პალატის სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილების შემდეგ, ამდენად, აპელანტის წარმომადგენლის პროცესზე გამოუცხადებლობა არასაპატიოა და მისი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 229-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს “... ბანკის” წარმომადგენელმა თ. ბ-უამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სს “... ბანკის” წარმომადგენელმა თ.ბ-უამ წინასწარ აცნობა სასამართლოს, რომ საქმის განხილვის დღეს ბანკის სახელით მონაწილეობდა სენაკის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნულ პროცესზე და ვერ გამოცხადდებოდა საქმის განხილვაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “... ბანკის” წარმომადგენელ თ. ბ-უას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მას 2010 წლის 2 სექტემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სს “... ბანკის” სასამართლო პროცესზე თავისი გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა არ დაუდასტურებია.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 2 სექტემბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა საპატიოდ არასწორად არ ჩათვალა, რადგან არ გაიზიარა აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება _ სენაკის რაიონული სასამართლოს უწყება, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტით უტყუარად არ დასტურდება, რომ აპელანტს _ სს “... ბანკს” ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, სადავო საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი იურიდიული პირია და საზოგადოების ხელმძღვანელობას უნდა უზრუნველეყო სააპელაციო სასამართლოში თ.ბ-უას ან სხვა წარმომადგენლის გამოცხადება მით უფრო, რომ ბანკს როგორც სენაკის რაიონულ, ისე სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა განხილვის თაობაზე წინასწარ, გონივრულ ვადაში ეცნობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “... ბანკის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.