ას-956-899-10 14 ოქტომბერი, 2010 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. მ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. მ-ძემ სარჩელით მიმართა შუახევის მაგისტრატ სასამართლოს ო. მ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
შუახევის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო. ამავე სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
აღნიშნული გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა ა. მ-ძემ.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სხდომის დღის შესახებ მხარეებს უწყება გაეგზავნათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და განემარტათ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, კერძოდ, სასამართლო პროცესის შესახებ უწყება ა. მ-ძეს ჩაჰბარდა პირადად 2010 წლის 15 ივლისს.
დადგენილია, რომ აპელანტს ა. მ-ძეს გამოუცხადებლობის მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსათვის.
პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც შეტყობინება სხდომაზე მოწვევის შესახებ გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე რაიმე შეტყობინება არ შემოსულა, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2010 წლის 27 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა 2 საათის დაგვიანებით, ამის მიზეზი იყო ის, რომ გარდაიცვალა მისი ბიძაშვილი გურამ მ-ძე და სწორედ იმ დილით, 27 ივლისს, გადაასვენეს მიცვალებული ქ. ბათუმიდან სოფელ ბუთურაულში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლსო გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სხდომის დღის შესახებ მხარეებს უწყება გაეგზავნათ საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და განემარტათ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, კერძოდ, სასამართლო პროცესის შესახებ უწყება ა. მ-ძეს ჩაჰბარდა პირადად 2010 წლის 15 ივლისს, აპელანტს გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია.
საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 215-მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება. ასეთს წარმოადგენს ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა ობიექტურ გარემოებები, რამაც შეიძლება დააბრკოლოს მხარის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
საკასაციო პალტა განმარტავს, რომ კერძო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება შეიძლება გაუქმდეს. კერძო საჩივრის ავტორი არ უთითებს იმ გარემოებაზე, რაც შეიძლება მიჩნეული იქნეს საპატიო მიზეზად. მის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზამლეთის თემის რწმუნებულის ცნობას საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს სასამართლო სხდომაზე გამოუხადებლობის საპატიო მიზეზად, აღნიშნული ცნობიდან ირკვევა, რომ გურამ მ-ძის გადმოსვენება და დაკრძალვა, რომელსაც ესწრებოდა ა. მ-ძე მოხდა 2010 წლის 27 ივლისს, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 27 ივლისის სხდომის დღის თაობაზე ა. მ-ძე ინფორმირებული იყო 15 ივლისს, მას ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეჩინა მეტი კეთილსინდისიერება და გულისხმიერება და გ. მ-ძის დაკრძალვამდე ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის თაობაზე, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.