Facebook Twitter

საქმე # 330141221004290226

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№211-21 19 თებერვალი, 2021 წელი

ქ–ე ბ., 211-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ქ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ბ. ქ–ე, – დაბადებული 1... წელს, ნასამართლობის არმქონე – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 20 წლით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბ. ქ–ეს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ბ. ქ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 3 აპრილიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება (2015 წლის 8 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული რედაქციული ცვლილებების საფუძველზე), კერძოდ:

ბ. ქ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

ბ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 20 წლით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბ. ქ–ეს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ცნობად იქნა მიღებული, რომ ბ. ქ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 3 აპრილიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ქ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2021 წლის 21 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ბ. ქ–ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ქ–ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომლის ათვლაც დაეწყო 2014 წლის 3 აპრილიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებული ბ. ქ–ე ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის განახევრებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, რომ იგი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ამდენად, მას ამნისტია უნდა შეეხოს სწორედ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად. მსჯავრდებული დამატებითი საჩივრით ასევე ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

3. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ ბ. ქ–ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. იმავე განაჩენით, ბ. ქ–ს ქმედება შესაბამისობაში მოვიდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან, კერძოდ: მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), „გ“ ქვეპუნქტებიდან (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), „გ“ ქვეპუნქტებზე (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ვინაიდან ამ კვალიფიკაციით ბ. ქ–ს ქმედება შეიცვალა დანაშაულის კატეგორიის ნაწილში, რამაც მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა გააუმჯობესა. რაც შეეხება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შერაცხულ მსჯავრდებას, მითითებული კვალიფიკაციის ნაწილში ბ. ქ–ს მსჯავრდება დარჩა უცვლელი, რადგან კანონმდებლობაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებით არ გაუმჯობესებულა მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა.

4. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი არასწორად აპელირებს იმ ფაქტზე, რომ ვინაიდან მას მსჯავრი შერაცხული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მის მიმართ უპირობოდ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რადგან მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ის, თუ რა ქმედებების ჩადენის გამო აქვს მას მსჯავრი შერაცხული და რატომ არის მისი ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია). როგორც ზემოთაც აღინიშნა, ბ. ქ–ეს მსჯავრი ედება მათ შორის - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, რაც საქართველოს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების იდენტურია (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მის მიმართ სწორად გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რის შედეგადაც ბ. ქ–ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ერთი მეოთხედით შეუმცირა დანაშაულთა ერთობლიობით, ერთიანი სასჯელის სახით შეფარდებული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელად კანონიერად განუსაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ბ. ქ–ს მიმართ ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რადგან იგი არ თავისუფლდება დანიშნული სასჯელისგან, რაც მოცემული უფლების რეალიზაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

6. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. ქ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი