ას-964-907-2010 29 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ღ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “...”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ-შვილის სარჩელი მოპასუხე შპს “...” მიმართ, რომლითაც იგი ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას, იძულებით განაცდური ხელფასისა და შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის გაცდენილი დროის საშუალო ხელფასის ანაზღაურებას, არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 122-128).
2008 წლის 14 მაისს მ. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება (ტომი I, ს.ფ. 433-437).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებით მ. ღ-შვილის ზემოაღნიშნული განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად (ტომი I, ს.ფ. 461-466).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, მ. ღ-შვილის კერძო საჩივრის განხილვის შედეგად, საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის განჩინება უცვლელად დატოვა (ტომი II, ს.ფ. 13-18).
მოგვიანებით, მ. ღ-შვილმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმეების განახლება, რომლებზეც წარმოება დასრულებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საკითხის გადაწყვეტა. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინება, საქმის წარმოების განახლების მიზნით, ვერ გახდებოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რამდენადაც ამ განჩინებით საქმის წარმოება არ დამთავრებულა. საქმის წარმოება დამთავრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებით (ტომი II, ს.ფ. 31-33).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ღ-შვილმა (ტომი II, ს.ფ. 36-40).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. ღ-შვილის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის (სახელმწიფო ბაჟის გადახდა) შეუვსებლობის გამო.
ამის შემდგომ, მ. ღ-შვილმა საქმეზე წარმოების განახლების შესახებ არაერთი განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის, 2009 წლის 4 აგვისტოს, 2009 წლის 30 სექტემბრის, 2009 წლის 20 ნოემბრის, 2010 წლის 4 თებერვლის, 2010 წლის 12 აპრილის განჩინებებით მ. ღ-შვილის განცხადებები დარჩა განუხილველად (ტომი II, ს.ფ. 75-76, ტომი III, ს.ფ. 11-12, 25-26, 39-40, 56-57, 70-71).
ბოლოს, 2010 წლის 24 მაისის განცხადებით მ. ღ-შვილმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმება. მისი მოსაზრებით, აღნიშნული განჩინების გაუქმება განაპირობებს მოცემულ საქმეზე მანამდე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებას, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. საბოლოოდ მისი მოთხოვნაა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი, რომელიც შეეხება იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას (ტომი III, ს.ფ. 73-77).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინებით მ. -შვილის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, განმცხადებელს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა (ტომი III, ს.ფ. 78-79).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. ღ-შვილის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება აღარ დაიშვება. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განხილვის შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად ტოვებს.
იმის გათვალისწინებით, რომ მ. Eღ-შვილმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, სააპელაციო სასამართლომ მისი განცხადება განუხილველად დატოვა (ტომი III, ს.ფ. 84-85).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე მ. ღ-შვილმა კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავიდან, სადაც მის საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენს სამუშაოდან კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნის გამო იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის მოპასუხისათვის დაკისრება. იმის გამო, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლოში ხელფასის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე ფიზიკური პირები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კერძო საჩივრის ავტორი, სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას და ამ საფუძვლით განცხადების განუხილველად დატოვებას არასწორად მიიჩნევს (ტომი III, ს.ფ. 88-89, 90).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის წარმოების განახლების შესახებ 2010 წლის 24 მაისის განცხადების მიხედვით, რომლის დასაშვებობის საკითხიც სააპელაციო სასამართლომ განიხილა გასაჩივრებული 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით, მ. ღ-შვილი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაზე იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (ტომი 3, ს.ფ. 73-77).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
კანონის ზემოთ დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს სწორედ იმ სასამართლოს, რომელმაც არსებითად განიხილა და გადაწყვიტა დავა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ განიხილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი და უცვლელად დატოვა იგი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ 2010 წლის 24 მაისის განცხადების შინაარსის მიხედვით, მხარე ფაქტობრივად სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სასამართლოს კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების მართლზომიერებას, რომლითაც მას სარჩელის სხვა მოთხოვნებთან ერთად უარი ეთქვა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე. განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მ. ღ-შვილის ინტერესი მიმართულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების, საქმეზე წარმოების განახლებისა და იძულებითი განაცდურის მოთხოვნის ნაწილში მისი სარჩელის დაკმაყოფილებისაკენ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული გარემოებები ეხება სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმცხადებლის მიერ ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად არის მიჩნეული. ასეთ ვითარებაში ვერ ვიტყვით, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის გათვალისწინებით, სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობა, რაც ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით ამ განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
ამასთან, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული არა ზემოაღნიშნული საფუძვლით, არამედ იმის გამო, რომ განმცხადებელმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან ეს განჩინება არსებითად სწორია (სსკ-ის 393.3 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.