Facebook Twitter

ას-972-914-10 7 ოქტომბერი, 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. კ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაცციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინება

დავის საგანი – დამატებითი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ “ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმართ საკონკურსო კომისიის ¹10141/02 წარდგინებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 10 აგვისტოს ¹234/02-03 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 სექტემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ.კ-იას გამოუცხადებლობის გამო, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა გ. კ-იას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-იამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებით გ. კ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე განჩინებით დაეკისრა აპელანტს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

გ. კ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით დაკისრებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება, ასევე საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის აცილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებებით გ.კ-იას განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტის თაობაზე დარჩა განუხილველად. სასამართლომ განმცხადებელს განუმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა განხილულია სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებით და არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობა მოცემულ საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილების მისაღებად.

2010 წლის 19 მაისის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა გ.კ-იას განცხადება საპროცესო ხარჯების განსაზღვრის ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, 2010 წლის 16 მარტის განჩინებით განისაზღვრა სასამართლო ხარჯების დაკისრების საკითხიც, შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. დასახელებული განჩინებით მხარეს აგრეთვე განემარტა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი და პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ეთანხმებოდა გადაწყვეტილებას, მას შეეძლო იგი გაესაჩივრებინა სარეზოლუციო ნაწილში მითითებული წესისა და პირობების შესაბამისად, აღნიშნული კი გამორიცხავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით დადგენილი დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით გ.კ-იას განცხადება სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დარჩა განუხილველად.

გ. კ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ გადაცემული განჩინებები დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მისი განცხადებების განუხილველად დატოვების თაობაზე არის იდენტური გარდა ბოლო გვერდებისა, მოითხოვა აღნიშნული განჩინებების სრულყოფილად ჩაბარება და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებების კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრების ვადის გაგრძელება. წარმოდგენილი განცხადებაშივე უთითებს მხარე, რომ სწორედ აღნიშნული განცხადებით მიმართვის დროს ამოიწურა დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებების გასაჩივრების ვადა და ჩაბარებული განჩინებების უსრულობის თაობაზე მხარისათვის ცნობილი გახდა სადავო განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანის ვადის უკანასკნელ დღეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით გ. კ-იას განცხადება კერძო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო კანონმდებლობა კერძო საჩივრის შეტანისათვის ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და მასში მითითებული ვადის აღდგენა არ დაიშვება.

2010 წლის 27 სექტემბერს გ. კ-იამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმება მოითხოვა, რომლის ძალითაც მისი განცხადება, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლების შესახებ, დარჩა განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2010 წლის 29 მაისს მიიღო დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მის ორ განცხადებაზე გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს განჩინებები, რომლებიც იდენტური იყო, გარდა ბოლო გვერდისა. სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლების შესახებ განცხადებაზე მიღებულ განჩინებას გაეცნო 2010 წლის 15 სექტემბერს და, სესაბამისად, კერძო საჩივარი შემოიტანა 12 დღის ვადაში. მხარემ ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ გამომდინარეობს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან და ახსნა-განმარტებებიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (ტ. II, ს.ფ. 156) ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის ორივე განჩინება გ. კ-იას მიმდინარე წლის 29 მაისს ჩაბარდა, შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადა 10 ივნისს ამოიწურა, კერძო საჩივარი კი 27 სექტემბერსაა შემოტანილი.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ 29 მაისს მას იდენტური განჩინებები ჩაბარდა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა და 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით ეს მტკიცება არ გაიზიარა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს გასაჩივრებული განჩინება 2010 წლის 29 მაისს ნამდვილად ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან გ. კ-იას კერძო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგაა შემოტანილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და განუხილველად დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 416, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. კ-იას კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.