Facebook Twitter

¹ას-9-8-2010 3 თებერვალი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “მ-ი” (მოპასუხე ძირითად სარჩელში, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “თ-ი” (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია (სარჩელში); იპოთეკის გაუქმება (შეგებებულ სარჩელში)

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 14 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “თ-მა” მოპასუხეების _ შპს “ნ-ს”, შპს “მ-ის”, ზ. ტ-ძის, ს. ხ-უასა და ა. თ-შვილის მიმართ შპს “ნ-ს” ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის მოთხოვნით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2005 წლის 21 მაისს სს “თ-სა” და შპს “ნ-ს” შორის დაიდო საკრედიტო რესურსებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ძირითადი ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც მსესხებელს სესხის სახით ასათვისებლად გამოეყო საკრედიტო რესურსი 2 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 20 წლით. სარგებლის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 24%-ს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა დროს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მსესხებლისათვის კრედიტის სახით მიცემულმა თანხამ შეადგინა 2 100 000 ლარი და 9 000 000 აშშ დოლარი. ძირითადი ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 2007 წლის 29 აგვისტოს ი. ს-შვილთან, ზ. ტ-ძეთან და ა. თ-შვილთან დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იპოთეკით დაიტვირთა 251 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე აღმართულ შენობა-ნაგებობებთან ერთად. 2007 წლის 30 აგვისტოს შპს “ნ-სთან” დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება 621 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე აღმართულ შენობა-ნაგებობებთან ერთად. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეები იყვნენ ს. ხ-უა, ზ. ტ-ძე, ა. თ-შვილი და შპს “მ-ი”. მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო 2008 წლის 30 დეკემბერს სს “თ-მა” განცხადების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა გადახდის ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს “თ-ის” განცხადება, შპს “ნ-ს”, კ. ხ-უას და ბ. ხ-უას სს “თ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 2 168 831,92 ლარისა და 7 502 690,16 აშშ დოლარის გადახდა. ასევე, განცხადების სასამართლოში შეტანის დღიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე კრედიტების ძირითადი თანხებისათვის დარიცხული სარგებელი _ წლიური 18,7% და 16,12% (ტ.1, ს.ფ. 1-14).

მოპასუხე შპს “მ-მა” იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა შპს “მ-ის” საკუთრებაში არსებული 327,7 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობაზე არსებული იპოთეკის გაუქმება. შპს “მ-ი” შეგებებულ სარჩელში მიუთითებდა, რომ იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს როგორც გამყიდველმა _ შპს “ნ-მ”, ისე იპოთეკარმა _ სს “თ-მა” აღუთქვეს იპოთეკის გაუქმება (ტ. I, ს.ფ. 180-194).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა ზ. ტ-ძის, ს. ხ-უასა და ა. თ-შვილის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების _ 251 კვ.მ მიწის ნაკვეთის მასზე აღმართულ შენობა-ნაგებობებთან ერთად რეალიზაცია. ასევე სარეალიზაციოდ მიექცა შპს “მ-ის” საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული 621 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე აღმართულ შენობა-ნაგებობებთან ერთად. შპს “მ-ის” შეგებებული სარჩელი სს “თ-ის” მიმართ არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “თ-სა” და იოსებ სონღულაშვილს, ზ. ტ-ძესა და ა. თ-შვილს შორის 2007 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება 251 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ხოლო 2007 წლის 30 აგვისტოს _ სს “თ-სა” და შპს “ნ-ს” შორის 621 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, სს “თ-სა” და შპს “ნ-ს” შორის გაფორმებული, 2005 წლის 21 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების უზრუნველსაყოფად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “მ-მა” შპს “ნ-სგან” 2008 წლის 4 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით შეიძინა იპოთეკით დატვირთული 621 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 327.7 კვ.მ შენობა-ნაგებობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას შპს “მ-ისათვის” ცნობილი იყო უძრავ ქონებაზე იპოთეკის არსებობის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 307-315).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს “მ-ის” მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში. აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. შპს “მ-ი” არ წარმოადგენს სს “თ-ის” პირად მოვალეს და შპს “ნ-ს” ვალდებულების უზრუნველსაყოფად არ დაუტვირთავს მისი კუთვნილი უძრავი ქონება. აპელანტის მითითებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, სჯარო რეესრტის მონაცემებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთული არ ყოფილა (ტ.1, ს.ფ. 341-355).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შპს “მ-ის” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა აღნიშნული ღირებულების 4%-ის ოდენობით, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გათვალისწინებით (ტ.2, ს.ფ. 5-8).

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს “მ-მა” და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა ეხებოდა არა უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას, არამედ იმის გარკვევას, დატვირთული იყო თუ არა კანონის შესაბამისად იპოთეკით შპს “მ-ის” კუთვნილი უძრავი ქონება სს “თ-ის” სასარგებლოდ. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასი განისაზღვრებოდა 4000 ლარით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო ბაჟი უნდა განსაზღვრულიყო 160 ლარით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შპს “მ-ს” გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღით (ტ.2, ს.ფ. 13-14).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს “მ-ის” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად. 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შპს “მ-ს” გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღით და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება შპს “მ-ს” ჩაჰბარდა 2009 წლის 27 ნოემბერს, ხოლო აპელანტის მიერ ხარვეზი არ შევსებულა (ტ.2, ს.ფ. 17-20).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “მ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შპს “მ-ის” სააპელაციო საჩივარი ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ შპს “მ-ის” საკუთრებაში არსებული 621.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი სს “თ-ის სასარგებლოდ დატვირთული არ ყოფილა იპოთეკით, ხოლო 327,7 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართობის იპოთეკით დატვირთვა იყო კანონსაწინააღმდეგო. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობა გარკვეულია, ხოლო დავა ეხება მხოლოდ იმას, რომ მესაკუთრის უფლება ხელყოფილია მისი თანხმობის გარეშე საკუთრების იპოთეკით დატვირთვის გამო, დავის საგნის ფასი განისაზღვრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტით, რომელიც დავის საგნის ფასს საკუთრების ხელყოფისას ადგენს 4000 ლარის ოდენობით (ტ.2, ს.ფ. 32-33).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “მ-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტი ადგენს დავის საგნის განსაზღვრის წესს ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც ადგილი აქვს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის, სამეზობლო და მსგავს დავას და იმავდროულად დავის საგნის ფასის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ რომელიმე დავას არ აქვს ადგილი, განსახილველ საქმეზე დავის საგანია შპს “მ-ის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 621 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე აღმართული შენობა-ნაგებობების რეალიზაცია და იპოთეკის გაუქმება, ამ შემთხვევაში დავის საგნის ობიექტია გამოკვეთილი ქონება, რომელსაც საბაზრო ღირებულება გააჩნია და აპელანტის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სწორედ ამ ქონებაზე უფლებების დაცვა, რომლის ფასის განსაზღვრაც შესაძლებელია. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ შემთხვევაში გამოითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟს ითვალისწინებს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო შპს “მ-ის” კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებიდან. კერძო საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს, რომ აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 4000 ლარს, საიდანაც აპელანტმა იანგარიშა გადასახდელი ბაჟის ოდენობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “მ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.