ას-983-924-2010 04 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ღ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “...”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დასაშვებობა
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ა.ღ-შვილს დაევალა კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა განცხადება, რომელშიც იგი არ იზიარებს საკასაციო სასამართლოს მიერ მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების მართებულობას და, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტზე მითითებით, მიიჩნევს, რომ იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ა.ღ-შვილის კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების საკითხი და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რომელიც ამავე კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში ა.ღ-შვილს არ შეუვსია საკასაციო სასამართლოს განჩინებით დანიშნული ხარვეზი, კერძოდ, არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ასევე ა.ღ-შვილისთვის კერძო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობა არ დაუყენებია. წარმოდგენილ განცხადებაში ა.ღ-შვილი გამოთქვამს მხოლოდ მოსაზრებას სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრებასთან დაკავშირებით, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება მოსარჩელე _ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე, როგორსაც კერძო საჩივრის ავტორის მიერ აღძრული სარჩელი, მისი არსის გათვალისწინებით, არ განეკუთვნება. ამასთან, აღნიშნულის შესახებ კერძო საჩივრის ავტორს არაერთხელ განემარტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ღ-შვილმა ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 420-ე მუხლისა და 63-ე მუხლის თანახმად, ა.ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ა.ღ-შვილის მოსაზრებას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე. კანონის დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე ასევე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას, კერძო საჩივრის ფორმალური დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია აქვს მომხსენებელ მოსამართლეს ერთპიროვნულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.