Facebook Twitter

ას-985-926-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. შ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ტ.ჩ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შვილებისათვის დედის გვარის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. შ-ძის მიმართ არასრულწლოვანი შვილებისათვის დედის გვარის მინიჭების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც 1998 წელს შეეძინათ შვილი _ ბ. შ-ძე, ხოლო 2000 წელს _ ნ. შ-ძე.

მოპასუხე არ მონაწილეობს შვილების აღზრდაში და სასამართლო გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების შესახებ სრულდება იძულებით, რის გამოც ბავშვებს უნდა მიენიჭოთ დედის _ ლ. გ-შვილის გვარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებელობის გამო, ლ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. და ნ. შ-ძეებს შეეცვალათ გვარი გ-შვილით, ცვლილება შევიდა მათი დაბადების სააქტო ჩანაწერშიც.

ამავე სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის განჩინებით ზემოხსენებული დასუწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც გ. შ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გაასწორა ზემოხსენებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობები და საბოლოოდ დაადგინა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და 2010 წლის 26 ივლისს ჩაბარდა გ.შ-ძის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილის მამას _ ს.ჩ-შვილს. აღნიშნულ განჩინებაზე გ.შ-ძის სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შევიდა 2010 წლის 13 აგვისტოს, ხოლო საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტოს განყოფილებას ჩაბარდა 2010 წლის 10 აგვისტოს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მხარის წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს, რაც მისი თავად მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია.

ამავე კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ გ.შ-ძემ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა დაარღვია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე გ. შ-ძის წარმომადგენელმა ტ. ჩ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ტ.ჩ-შვილი გ.შ-ძის მამაა, რადგან აპელანტი ასაკით მის წარმომადგენელზე უფროსია.

პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გ.შ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 26 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ ფოსტას 2010 წლის 10 ივლისს ჩააბარა, შესაბამისად, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია.

აღსანიშნავია, რომ რეალურად ტ.ჩ-შვილს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის განჩინება არ ჩაბარებია. მითითებული გარემოება დასტურდება იმით, რომ საქმეში მის მიერ ხელმოწერილი სასამართლო გზავნილის ჩაბარების ხელწერილი წარმოდგენილი არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ძის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის განჩინება გაიგზავნა და ჩაბარდა აპელანტ გ. შ-ძის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილის მამას _ ს.ჩ-შვილს, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს “სკს-ს” გზავნილების ჩაბარების თაობაზე შეტყობინების ბარათით.

ამავე რედაქციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ჩაბარდეს პირადად მხარეს, მის წარმომადგენელს ან, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს. ამასთან, ამავე ნორმის შესაბამისად, კანონის ხსენებული დანაწესით გათვალისწინებულ პირთა წრის მიერ სასამართლო უწყების მიღებისას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი და ადრესატთან დამოკიდებულება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს _ მამას, რომელმაც დააფიქსირა არა მარტო თავისი სახელი, გვარი და ადრესატისადმი დამოკიდებულება, არამედ პირადობის მოწმობის პირადი ნომერიც. მითითებული ფაქტი დამოწმებულია უფლებამოსილი კურიერის ხელმოწერით.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო გზავნილი გ.შ-ძისათვის 2010 წლის 26 ივლისს ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს და საწინააღმდეგო გარემოება კერძო საჩივრის ავტორს არ დაუდასტურებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა აღნიშნული მომენტიდან სწორად აითვალა და ჩათვალა, რომ იგი ამოიწურა 2010 წლის 9 აგვისტოს. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, 2010 წლის 10 აგვისტოს, რაც მოცემული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ამავე პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გასწორდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. შ-ძის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.