Facebook Twitter

¹ას-989-1267-09 21 იანვარი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. ჩ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2009 Oწლის 16 მარტს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მიმართა შ. ჩ-ძემ და განმარტა, რომ 1999 წლის 10 მარტს, მოსარჩელემ 7500 აშშ დოლარად შეიძინა „იკარუსის“ მარკის ავტობუსი, რომელიც დარეგისტრირდა შ. ჩ-ძის საკუთრებად რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნული ავტობუსი შ. ჩ-ძემ იყიდა და, რადგანაც გ. ნ-ძეს (მოსარჩელეს ყოფილი ცოლის ძმას) ჰქონდა სამტრედია-თბილისის სამარშრუტო ხაზი, 1999 წლის 4 ივნისს სამტრედიაში, სანოტარო წესით, გაფორმდა მინდობილობა, რითაც მოსარჩელემ მისცა უფლებამოსილება, გ. ნ-ძეს განეკარგა ავტომანქანა „იკარუსი-250“, სამი წლის ვადით, გაყიდვის უფლების გარეშე, ასევე იმ პირობით, რომ შემოსული თანხის ნახევარს მისცემდნენ შ. ჩ-ძეს. მიუხედავად ამისა, შვიდი წლის მუშაობის განმავლობაში მოსარჩელეს თანხა არ მიუღია. მინდობილობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ მინდობილობის ვადა აღარ გაუგრძელა და გ. ნ-ძეს მოსთხოვა ავტობუსის უკან დაბრუნება, რაზედაც უარი მიიღო.

2005 წლის მაისში, გ. ნ-ძემ მოსარჩელის ნებართვის გარეშე, ავტობუსი გაასხვისა და რეალიზაციით მიღებული თანხა მიითვისა, რის გამოც გ. ნ-ძეს ბრალი დაედო დანაშაულში გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით. 2009 წლის 13 თებერვლის ¹1\96 სამტრედიის რაიონული სასამართლოს განაჩენით გელა ნ-ძე მოცემულ საქმეზე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასამართლომ მხარეთა შორის დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია შ. ჩ-ძისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე შ. ჩ-ძემ მოითხოვა მოპასუხის მიერ ჩადენილი დანაშაულით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, 13000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარი 1999 წლის კურსის შესაბამისად ეროვნული ვალუტით, ავტობუსის შვიდწლიანი ექსპლუატაციის შედეგად შემოსული თანხის 50% 16.800 (თექვსმეტი ათას რვაასი) ლარის ოდენობით (200 ლარის ერთ თვეში); შვიდწლიანი დავის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის – 3000 (სამი ათასი) ლარის დაკისრება; ადვოკატისა და მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული 461.65 (ოთხას სამოცდაერთი და სამოცდახუთი) ლარის დაკისრება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შ. ჩ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ნ-ძეს დაეკისრა შ. ჩ-ძის სასარგებლოდ 13000 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. ნ-ძემ.

გ. ნ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული საქმის წარმოების შეჩერება შ. ჩ-ძისა და შ. ნ-ძე-ჩ-ძეს (გ. ნ-ძის დას)შორის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე აღძრული სამოქალაქო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გ. ნ-ძის წარმომადგენელ ნ. კ-ავას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა, შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება შ. ჩ-ძესა და შ. ნ-ძე-ჩ-ძეს შორის ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე აღძრული სამოქალაქო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ. ჩ-ძემ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე შეაჩერა საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით იმ მოტივით, რომ მას და შ. ნ-ძე-ჩ-ძეს შორის არსებული სამოქალაქო დავის გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოცემული საქმის გადაწყვეტა და განხილვა. აღნიშნული ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ეს საქმეები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დანაშაული გამოიხატა გ.ნ-ძის მიერ შ.ჩ-ძის ავტობუსის გასხვისებით. სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო დავა შ. ნ-ძე-ჩ-ძესა და შ. ჩ-ძეს შორის სადავო ავტობუსის თანასაკუთრებად ცნობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დავა გადაწყდება შ. ნ-ძე-ჩ-ძის სასარგებლოდ, სადავო ავტომანქანა იქნება შ. ჩ-ძისა და შ. ნ-ძე-ჩძის თანასაკუთრება. აღნიშნული კი გავლენას მოახდენს იმ ზიანზე, რაც შ.ჩ-ძეს მიადგა გ.ნ-ძის მოქმედებით. ამდენად, საკითხი სადავო ავტობუსი იყო თუ არა მხოლოდ შ.ჩ-ძის საკუთრება და, შესაბამისად რა ოდენობის ზიანი მიადგა მას, ვერ გადაწყდება, ვიდრე არ გადაწყდება დავა ავტობუსის თანასაკუთრებასთან დაკავშირებით.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს გ.ნ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად შ.ჩ-ძისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე შ.ჩ-ძის ქონების თანამესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განჩინებაში მოყვანილი გარემოება წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს მოცემული საქმის გამოკვლევის შეუძლებლობის განმაპირობებელ ობიექტურ სირთულედ ან დაბრკოლებად, რამდენადაც მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებელი ასეთ სირთულედ მიიჩნევს მოცემული საქმის განხილვისათვის აუცილებელ ისეთ არსებით ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და ამდენად, პროცესუალურად შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ობიექტური გარემოებების საფუძველზე სხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მას შემდეგში შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას.

ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კანონიერია და ამ შემთხვევაში არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.