Facebook Twitter

ას-989-930-2010 11 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ დ. დ-შვილი, მ. ა-ერი, ა. ა-ერი (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი _ ა. ს-ოვი

მოწინააღმდეგე მხარე _ “ბ. კომპანია”, “ს. ლ.” (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. დ-შვილი, მ. ა-ერი, ა. ა-ერმა და სხვებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში “ბ. კომპანიისა” და “ს. ლ.-ს” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 1992 წელს ახალი სამგორის საკრებულოს გამგეობის მიერ გამოეყოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.

2001 წელს საქართველოში დაწყებული ბ.-ს ნავთობსადენის მშენებლობის დროს მოპასუხეებმა დააზიანეს მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რითაც მათ მიადგათ მატერიალური ზიანი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით მ.ქ-ძის, ლ.ა-ერისა და სხვათა სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ ამ განჩინების ასლების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის წარდგენა. აღნიშნული განჩინება აპელანტებს _ 2010 წლის 28 აპრილს, ხოლო მათ წარმომადგენლებს 2010 წლის 15 ივნისს ჩაბარდათ.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო პალატამ აღარ იმსჯელა აპელანტთა 2010 წლის 17 მაისის შუამდგომლობაზე ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მითითებული შუამდგომლობა მხარეებმა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარადგინეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. დ-შვილმა, მ. ა-ერმა, ა. ა-ერმა და მათმა წარმომადგენელმა ა. ს-ოვმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ აპელანტებს არაგონივრული ვადა მისცა ხარვეზის გამოსასწორებლად, ვინაიდან აპელანტთა სიმრავლის გამო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის მითითებულ ვადაში გამოსწორება შეუძლებელია. ამასთან, სააპელაციო პალატას შეეძლო, საკუთარი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ დ. დ-შვილის, მ. ა-ერის, ა. ა-ერისა და მათ წარმომადგენელ ა. ს-ოვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

მითითებული კანონის დანაწესი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე აპელანტებს _ 2010 წლის 28 აპრილს, ხოლო მათ წარმომადგენლებს 2010 წლის 15 ივნისს ჩაბარდათ.

სააპელაციო პალატამ ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადა სავსებით მართებულად ათვალა სასამართლო განჩინების აპელანტებისათვის ჩაბარების მომენტიდან და კანონიერად მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 10-დღიან ვადაში ხარვეზი არ გამოსწორებულა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ სააპელაციო პალატა ვეღარ იმსჯელებდა აპელანტთა 2010 წლის 17 მაისის შუამდგომლობაზე ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში ზემოხსენებული შუამდგომლობით აპელანტებმა სასამართლოს მიმართეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის გავლის შემდეგ, რის გამოც მათი შუამდგომლობა დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ ხარვეზის გამოსასწორებლად _ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად აპელანტებს არაგონივრულად მცირე ვადა მისცა, ვინაიდან 10 დღე სავსებით საკმარისია მსგავსი ტიპის ხარვეზის გამოსასწორებლად. ამასთან, რაიმე ობიექტური დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში აპელანტ მხარეს შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოეთხოვა ზემოხსენებული ვადის გაგრძელება, რაც მას არ განუხორციელებია.

ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის საკუთარი ინიციატივით გაგრძელების თაობაზე, რადგან აღნიშნული საპროცესო მოქმედების საჭიროება და აუცილებლობა საქმის მასალებიდან არ იკვეთება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. დ-შვილის, მ. ა-ერის, ა. ა-ერისა და მათი წარმომადგენელი ა. ს-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.