ას-990-931-2010 2 ნოემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა ნ. ო-ძის (წარმომადგენელი ც. შ-ძე) კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ნ. ო-ძეს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2010 წლის 16 ოქტომბერს. ხარვეზის შევსების ბოლო დღე _ 23 ოქტომბერი დაემთხვა არასამუშაო დღეს, შესაბამისად ხარვეზის შევსების ვადა ამოწურულად ითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 2010 წლის 25 ოქტომბერს. დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ნ. ო-ძის მიერ კერძო საჩივრის ხარვეზი არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ო-ძის (წარმომადგენელი ც. შ-ძე) კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.