Facebook Twitter

ას-991-932-2010 6 დეკემბერი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე. ნ-ინა

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. მ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. მ-ძემ მოპასუხე ე. ნ-ინას მიმართ საარბიტრაჟო შეთანხმებისა და შპს “...” “საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ა. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს “...” “საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” მიერ 2009 წლის 15 სექტქმბერს ¹41-08-09 საქმეზე მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ე. ნ-ინას საარბიტრაჟო პრეტენზიის გამო ა. მ-ძის მიმართ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-ინამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით, აპელანტ ე. ნ-ინას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის (5000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენდ. აპელანტმა 2010 წლის 3 აგვისტოს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება და სახელმწიფო ბაჟის სახით – 150 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ დავა არაქონებრივი ხასიათის იყო, ვინაიდან ეხებოდა არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ე. ნ-ინას 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ქონებრივ შედეგებს უკავშირდებოდა, ვინაიდან მითითებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ნ-ინას საარბიტრაჟოO პრეტენზია და ა. მ-ძეს მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის გადახდა 66000 აშშ დოლარის ოდენობით, დარიცხული პროცენტი _ 1980 აშშ დოლარი და 216 810 აშშ დოლარი _ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. შესაბამისად, როგორც ქონებრივი ხასიათის დავა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, განისაზღვრებოდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, აპელანტმა 2010 წლის 23 აგვისტოს კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით და განმეორებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 150 ლარით, ვინაიდან დავა არაქონებრივი ხასიათის იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ე. ნ-ინას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ნ-ინამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ მისთვის სააპელაციო საჩივარზე 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრება სასამართლოს მხრიდან უკანონოა, ვინაიდან დავა ეხებოდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც თავისი ხასიათით არაქონებრივია და საპროცესო კანონმდებლობით, არაქონებრივ დავებთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სწორედ 150 ლარს შეადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ნ-ინას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით, აპელანტ ე. ნ-ინას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5-დღიანი ვადა, 5000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად. დადგენილია, რომ აპელანტმა 2010 წლის 3 აგვისტოს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება და სახელმწიფო ბაჟის სახით – 150 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ დავა არაქონებრივი ხასიათის იყო, ვინაიდან ეხებოდა არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებას.

ასევე დადგენილია, რომ ე. ნ-ინას განცხადებაში მითითებული გარემოება, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და 2010 წლის 12 აგვისტოს განჩინებით აპელანტს 5 დღით გაუგრძელა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა და განუმარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა და 2010 წლის 23 აგვისტოს განცხადებაში განმეორებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 150 ლარით, ვინაიდან დავა არაქონებრივი ხასიათის იყო. ამდენად, რადგან განცხადებით ირკვევოდა, რომ იგი სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზს არ ასწორებდა, ზემოთ დასახელებულ ნორმათა შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ე. ნ-ინას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისთვის სააპელაციო საჩივარზე 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრება სასამართლოს მხრიდან უკანონოა, ვინაიდან დავა ეხებოდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც თავისი ხასიათით არაქონებრივია და საპროცესო კანონმდებლობით, არაქონებრივ დავებთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სწორედ 150 ლარს შეადგენს, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. მ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებით გაუქმდა შპს “... “ “საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” მიერ 2009 წლის 15 სექტქმბერს საქმეზე ¹41-08-09 მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ე. ნ-ინას საარბიტრაჟო პრეტენზიის გამო ა. მ-ძის მიმართ. გასაჩივრებული საარბიტრაჟოOგადაწყვეტილებით მოპასუხე ა. მ-ძეს ე. ნ-ინას სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის გადახდა 66000 აშშ დოლარის ოდენობით, დარიცხული პროცენტი _ 1980 აშშ დოლარი და 216810 აშშ დოლარი _ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ე. ნ-ინას ინტერესი ქონებრივი უფლებების აღდგენას უკავშირდება, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის განხილვის ინტერესი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაუქმებული არბიტრაჟის გადაწყვეტილების შედეგად აპელანტის მიერ მოპოვებული ქონებრივი უფლებების აღდგენას ისახავს მიზნად. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს და, შესაბამისად, დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ე. ნ-ინას სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სწორად განსაზღვრა, ვინაიდან სარბიტრაჟოOგადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხათა ერთობლიობამ შეადგინა 284790 აშშ დოლარი (66000+1980+216 810). ამასთან, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ფასი განისაზღვრა 284790 აშშ დოლარით, რომლის 4% შეადგენს 11 392 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “ბ.ა” ქვეპუნქტების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად განსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 5000 ლარით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე. ნ-ინას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ნ-ინას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.