Facebook Twitter

ას-992-933-2010 29 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M ვ. როინიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე ა. ღ-შვილის სარჩელისა გამო სს “თ.-ს” მიმართ, იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველად.

2010 წლის 28 ივნისს ა. ღ-შვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა, რომლითაც უარი თქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებაზე, ამასთან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინებით ა. ღ-შვილს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და განცხადების ნაბეჭდი ფორმით წარდგენა დაევალა.

2010 წლის 3 აგვისტოს ა. ღ-შვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა, რომლითაც უარი განაცხადა სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე და წარადგინა განცხადების შემოკლებული ფორმა ნაბეჭდი სახით.

იმავე სასამართლოს 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ა. ღ-შვილის განცხადება განუხილველად დაჩა.

ა. ღ-შვილმა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საქართველსო უზენაეს სასამასრთლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითიტებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგანი, ამასთან, განჩინება უკანონო შემადგენლობამ მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-შვილს 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა.

აღნიშნული განჩინების პასუხად, 2010 წლის 25 ოქტომბერს კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა, რომლითაც უარი განაცხადა სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე, ამასთან აღნიშნა, რომ ხარვეზის გაჩინების შესავალი ნაწილი არასათანადო ფორმით იყო შედგენილი, ხოლო მის დასაბუთებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მითითება უკანონო იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-შვილს 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა. საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინება მხარეს 23 ოქტომბერს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა 28 ოქტომბერს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებია, უფრო მეტიც, 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-შვილმა სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე უარი განაცხადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც, ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.