Facebook Twitter

ას-996-936-2010 18 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე. ბ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ე. ბ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განმცხადებლის მიერ გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე.ბ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სდაქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ადგესატს ჩაბარდა 2010 წლის 1 ნოემბერს.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ე.ბ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში ე. ბ-ძის კერძო საჩივარს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა რა ხარვეზი, მის ავტორს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ დანჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ე.ბ-ძეს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, შვილს _ გ.ბ-ძეს 2010 წლის 1 ნოემბერს (იხ.ტ.III, ს.ფ.98).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესტისათვის ჩაბარებულად ითვლება. ამდენად, სასამართლო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გაეგზავნა შეტყობინების ადრესატს და ჩაბარდა მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული გარემოება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი ვადის დენის დაწყების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 2 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 ნოემბერს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც ე.ბ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ბ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.