ას-997-937-2010 8 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: Pპ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ო-ძე, იმერეთის სააღსრულებო ბიურო, ზ. ც-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ძისა და რ. ც-შვილის სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შეჩერების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ძემ და რ. ც-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2010 წლის 18 ოქტომბერს, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორ მ. კ-ძეს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი პირადად ჩაბარდა 2010 წლის 18 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მ. კ-ძისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2010 წლის 19 ოქტომბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 25 ოქტომბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. კ-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.