¹ას-999-1275-09 21 იანვარი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. კ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ხ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი _ სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ო. ხ-შვილის სარჩელი ო. კ-ძის მიმართ სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის თაობაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო. ხ-შვილმა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, ო. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და ო. კ-ძეს დაევალა ... ქუჩა ¹24-ში მდებარე ¹36 კოტეჯის, სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. კ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. კ-ძის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
2007 წლის 19 ნოემბერს ო. ხ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სარჩელით იგი მოითხოვდა ო. კ-ძისათვის ... ქ.¹24-ში მდებარე ¹36 კოტეჯზე და საერთო სარგებლობის ეზოში პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის აღკვეთას, თვითნებურად მითვისებული საერთო სარგებლობის ეზოს კაპიტალური კედლების დანგრევას, ეზოსა და ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას და მისი კუთვნილი სარდაფის დაბრუნებას.
ასევე მან მოითხოვა, პირველ სართულზე არსებული სასადილო აივნის მოშლა, რომელიც გადიდებულია და გადაკეთებულია ოთახად საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ხარჯზე, აგრეთვე, ახლად გაკეთებულ გადახურულ ბინაში შესასვლელის მონგრევა; საწოლი ოთახის გვერდითი აივნის მოშლა, რომელიც გადიდებულია საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ხარჯზე და გადაკეთებულია ბავშვების საწოლ ოთახად და დაუბრუნდეს პირვანდელი სახე; პირვანდელი სახით აღდგეს სადარბაზო, გაუქმდეს ახლად გაკეთებული სარდაფის ჩასასვლელი კიბე და აღდგეს სარდაფში ჩასასვლელი ძველი კიბე; გაუქმდეს სადარბაზოში შესასვლელის ქვეშ გათხრილი ახალი სარდაფი, უპროექტო და უკანონო, მოწყობილი საკუჭნაოდ და მარნად, აღდგეს პირვანდელი სახით და ამოივსოს მიწით; აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში სარდაფი, რომელიც მიითვისა მოპასუხემ, მოშალა ტიხრები, გადააკეთა თავისი შეხედულებით, მოაწყო: აბაზანა, ბარი, ბუხარი; დაუბრუნდეს მისი კუთვნილი 32 კვ.მ სარდაფი, მოპასუხეს დარჩეს 14 კვ.მ ფართი. აღდგეს თავისუფალი ფართი, რისთვისაც უნდა მოიშალოს ბარი, აბაზანა, ბუხარი, ასევე დაევალოს 100 კვ.მ ფართზე საერთო ეზოში მოწყობილი მანქანების სადგომის მოშლა, რომელიც ამაღლებულია, დაბეტონებულია და მოკირწყლული; აღდგეს საერთო სარგებლობის ეზოში შესასვლელი ახალი ჭიშკარი და ღობე. დარჩეს ძველი შესასვლელი ჭიშკარი საერთო სარგებლობაში; საერთო სარგებლობის ეზოში აშენებული ეზოს გამყოფი ბეტონის კედლისა და ეზოში გაკეთებული ფაცხის მოშლა.
განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება ზემოაღნიშნული პუნქტების მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით ო. ხ-შვილის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. ხ-შვილმა. ო. ხ-შვილის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ო. ხ-შვილის კერძო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით ო. ხ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი - „ო. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს და ო. კ-ძეს დაევალოს ... ქ.¹24-ში მდებარე ¹36 კოტეჯის, სარდაფისა და ეზოს აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში“ განიმარტა შემდეგნაირად:
1. ეზოს გამყოფი ქვის ღობის მონგრევა;
2. ტერასის დანგრევა 100 კვ.მ მოზაიკის იატაკითა და კიბით;
3. ო. კ-ძის მიერ მოწყობილი ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება;
4. ეზოს კეთილმოწყობის მოშლა;
5. სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება;
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ო. ხ-შვილმა და ო. კ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ო. ხ-შვილისა და ო. კ-ძის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
2009 წლის 4 ივნისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გიორგი დემეტრაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო ფურცელი¹2ბ\907-8 გაცემული 2009 წლის 10 მარტს. განმცხადებელმა მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის „გ“, „დ“Eდა „ე“ ქვეპუნქტების განმარტება, კერძოდ, იმის განმარტება, თუ რა ფორმით უნდა გაუქმდეს ო. კ-ძის მიერ მოწყობილ ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელი, რა სახის მოქმედება უნდა შესრულდეს, რათა მოიშალოს ეზოს კეთილმოწყობა და რა დონემდე ან რით უნდა ამოივსოს სარდაფი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გიორგი დემეტრაშვილის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. კ-ძის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ. მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში განსამარტავი გადაწყვეტილების ბუნდოვანება გამოიხატება იმაში, რომ ზუსტად არ არის განსაზღვრული იმ მოქმედებათა შინაარსი, რომლის განხორციელებაც უნდა ჩაითვალოს გადაწყვეტილების შესრულებად, კერძოდ, განსამარტავი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში წამოიჭრა საკითხი იმის შესახებ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება მოვალეს, ო. კ-ძის მიერ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსი არ ხასიათდება ბუნდოვანებით და, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტება დაუშვებელია. მისი აზრით, გადაწყვეტილება აშკარად საჭიროებდა განმარტებას, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რა ქმედების განხორციელება უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესრულებას. შეუძლებელია, მოეთხოვოს ო. კ-ძეს იმის განხორციელება, რისი შინაარსიც უცნობია სასამართლოსათვის, აღმასრულებლისა და კრედიტორისათვის. ასეთ პირობებში კი მოქმედებას ვერ ახორციელებს ო. კ-ძე, რომელსაც ეთვლება, რომ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე, რაც იწვევს სხვადასხვა სახის არახელსაყრელ შედეგებს.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ო. კ-ძეს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, ო. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და ო. კ-ძეს დაევალა ... ქუჩა ¹24-ში მდებარე ¹36 კოტეჯის, სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. კ-ძის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და, თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს უკვე მიღებული გადაწყვეტილების ბუნდოვანი შინაარსის განმარტებას. დაუშვებელია გადაწყვეტილების განმარტების სახით ახალი გადაწყვეტილების მიღება ან ადრე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა.
დადგენილია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2008 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამოიხატა შემდეგ მოქმედებებში:
1. ეზოს გამყოფი ქვის ღობის მონგრევა;
2. ტერასის დანგრევა 100 კვ.მ მოზაიკის იატაკითა და კიბით;
3. ო. კ-ძის მიერ მოწყობილი ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება;
4. ეზოს კეთილმოწყობის მოშლა;
5. სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება;
საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბუნდოვანია გადაწყვეტილების “გ”, “დ” და “ე” პუნქტები, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა განიმარტოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბუნდოვანი პუნქტები გადაწყვეტილების შინაარსის შეუცვლელად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განჩინებით განსაზღვრულია ის სამუშაოები, რომლებიც უნდა შესრულდეს ... ქ. ¹24-ში მდებარე ¹36 კოტეჯის სარდაფისა და ეზოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის, მაგრამ არ არის დაზუსტებული მათი შინაარსი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა დააზუსტოს, როგორ უნდა მოხდეს ო. კ-ძის მიერ მოწყობილ ეზოში დამოუკიდებელი შესასვლის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება; ასევე ბუნდოვანია “დ” პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს ეზოს კეთილმოწყობის მოშლა. სასამართლომ უნდა დააზუსტოს თუ რას ნიშნავს ეზოს კეთილმოწყობის მოშლა, რაში გამოიხატება ეზოს კეთილმოწყობა და რა სახით უნდა მოიშალოს იგი. ბუნდოვანია აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების “ე” პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ უნდა მოხდეს სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება. სააპელაციო სასამართლომ უნდა დააზუსტოს რას ნიშნავს სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება, კერძოდ, გაურკვეველია რა სახით არსებობდა ადრე და რა დონეზე უნდა ამოივსოს სარდაფი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ო. კ-ძის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.