Facebook Twitter

¹ ვ-21-ა-1-2010 20 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. მ-შვილის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დ. მ-შვილის სარჩელი ვ. თ-შვილის, სიღნაღის რაიონის სანოტარო ბიუროსა და ე. მ-შვილის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ბინის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

2010 წლის 12 იანვარს დ. მ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიაჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს საქმის წარმოების განახლებას და საქმის არსებითად განხილვას. საკასაციო პალატა თვლის, რომ განცხადება არ არის საკასაციო სასამართლოს განსჯადი, ვინაიდან იგი არ ეხება უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, უზენაესი სასამართლო არ არის გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო. ამ სასამართლოს განჩინებით დ.მ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, კერძოდ, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. მ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ აკმაყოფილებს ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განსჯადობის წესების დაცვით განცხადების შეტანის მოთხოვნებს, რაც აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. მ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.