ა-2747-10 23 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ მ. ბ-შვილი
განმცხადებლის მოთხოვნა _ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა
დავის საგანი – აქციათა რეესტრის მწარმოებელი ორგანოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, აქციათა მესაკუთრედ ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სს “კარკასულ-პანელოვანი ქარხანა “მ.-ს”, შპს “ეროვნული რეესტრისა” და შპს “მშ.-ს” მიმართ აქციათა რეესტრის მწარმოებელი დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ განხორციელებული ჩანაწერების ბათილად ცნობისა და აქციათა მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მ.ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ბ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მ.ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, კასატორს ასევე დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
მ.ბ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა, რადგანაც დაეკარგა მისი დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე კასატორს ეცნობა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემისათვის მხარე ვალდებულია, დაადასტუროს სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის ფაქტი, აღნიშნული დადასტურება, რომ განჩინება, რომლის საფუძველზეც მოითხოვს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას, არ არის აღსრულებული.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მიმართვა მ.ბ-შვილს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 27 ნოემბერს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დავალებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ბ-შვილის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.
დასახელებული ნორმა ადგენს, რომ სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატს იმ შემთხვევაში, თუ მხარემ დაკარგა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები ადგენს, რომ თითოეული მხარე ვალდებულია სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მოთხოვნისა თუ შუამდგომლობის საფუძვლიანობა, ამასთან, მტკიცებულება, განკუთვნადობის თვალსაზრისით უტყუარად უნდა ადასტურებდეს შუამდგომლობაში მითითებული გარემოების დასაბუთებულობას.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა მ.ბ-შვილმა მოითხოვა რა საარსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა, მას არც განცხადებაზე და არც საკასაციო სასამართლოს მიმართვის შემდეგ (რომელიც ადრესატს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა 2010 წლის 27 ნოემბერს ტ.II, ს.ფ.173) სასამართლოსათვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სააღსრულებო ფურცლის დაკარგვისა და საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინების აღუსრულებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ბ-შვილის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე არ არის დასაბუთებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-შვილის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.